ცვლილებები "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის" პარტიაში - პარტია და თავმჯდომარის პოსტი ბექა ნაცვლიშვილმა დატოვა, რომელმაც განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილების მიზეზი, მასსა და პარტიის წევრებს შორის რაიმე ტიპის უთანხმოება არ არის.
ამ მომენტიდან, პარტიის თავმჯდომარის მოვალეობას უკვე გენერალური მდივანი მარიამ ჯაში შეასრულებს, რომელიც მიესალმება ბექა ნაცვლიშვილის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ მან საქმიანობა დამოუკიდებლად განაგრძოს.
"ზოგადად, ჩვენი პარტიისთვის არასდროს არ იყო დამახასიათებელი მკაცრი იერარქიული სტრუქტურა და ეს იყო უფრო თანამშრომლობაზე და პარტნიორობაზე დამყარებული პოლიტიკური ერთობა და შესაბამისად, ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღება იმ კონსენსუსის ფორმატში, რომელიც მე ვფიქრობ, რომ ყველაზე მეტად სჭირდება დღეს ქართულ პოლიტიკას.
ნამდვილად არ არსებობდა არანაირი უთანხმოება პარტიის ფარგლებში, მით უმეტეს, ბექასთან მიმართებაში, მაგრამ ვფიქრობ, რომ შესაძლოა, მან ეს გადაწყვეტილება მიიღო იმ გეგმებთან დაკავშირებით, რომელიც მას აქვს, როგორც სამოქალაქო სექტორში მოღვაწეობიდან გამომდინარე," - განაცხადა მარიამ ჯაშმა.