17 ნოემბერი 2024,   11:53
ვრცლად
მემორანდუმი მთლიანად ოპოზიციის მიერაა შექმნილი - ლევან იოსელიანი

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან იოსელიანი "დღის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ ხელისუფლებასა და "მოქალაქეებს" შორის გაფორმებული მემორანდუმი კონკრეტულ ვადებზე არის მიბმული და თუ მემორანდუმში გაწერილი პუნქტები აღნიშნულ ვადებში არ განხორციელდება, "მოქალაქეები" პარლამენტს დატოვებენ. ლევან იოსელიანი იმედს იტოვებს, რომ "ქართული ოცნება" დანაპირებს ამჯერად შეასრულებს.

რაც შეეხება მემორანდუმში გაწერილ პუნქტებს, პარტია "მოქალაქეების" გენერალური მდივანი განმარტავს, რომ მემორანდუმი არის ოპოზიციის მიერ შექმნილი და "მოქალაქეებმა" მაქსიმალურად დაიცვეს ის პუნქტები, რომლებიც ოპოზიციამ მეოთხე რაუნდის ჩათვლით "ქართულ ოცნებასთან" ელჩების თანდასწრებით შეათანხმა.

"მე მოვუწოდე ჩემს კოლეგებს, რომ შემოვიდნენ ერთი დღით თუნდაც და მხარი დაუჭირონ ცვლილებას იმ ნაწილში, რა ნაწილშიც სჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა, ანუ 113 დეპუტატი, რომ ამ ქვეყანაში შევძლოთ გავაჩინოთ სამომავლოდ პლურალისტული გარემო და ბარიერი, რომელიც დღეს არის დადგენილი 2024 წლისთვის, 5%-ს ვგულისხმობ, არ იყოს წინაპირობა იმის, რომ მხოლოდ 2 პარტია მოხვდეს პარლამენტში და ეს პოლარიზება და პრობლემა რის წინაშეც დგას ქართული საზოგადოება კიდევ უფრო გაღრმავდეს. ამიტომ მოვუწოდებ, თორემ საარჩევნო ცვლილებებს რაც შეეხება ამ ცვლილებისთვის საჭირო ხმები პარლამენტში არის.

რაც შეეხება მემორანდუმს, ეს მემორანდუმი არის პირველ რიგში მთლიანად ოპოზიციის მიერ შექმნილი და ჩვენ მაქსიმალურად დავიცავით ის პუნქტები, რომლებიც ოპოზიციამ მეოთხე რაუნდის ჩათვლით შეათანხმა "ქართულ ოცნებასთან" ელჩების თანდასწრებით. ამიტომ ყველანაირი სპეკულაცია ამასთან დაკავშირებით არის უბრალოდ ტყუილი იმიტომ, რომ ეს მემორანდუმი ზუსტად ასახავს იმას, რაც უნდოდა ოპოზიციას საარჩევნო ნაწილში. უბრალოდ, ჩვენ გვეყო გამბედაობა, მოვიტანეთ ეს მემორანდუმი პარლამენტში და დღეს დავიწყეთ უკვე მუშაობ იმაზე, რომ ამ ყველაფერმა ასახვა ჰპოვოს პარლამენტში.

მემორანდუმში არის დაფიქსირებული კონკრეტული ვადები. ეს არის, რომ 1 მარტამდე უნდა მოხდეს საკანონმდებლო ინიცირება ცვლილებების და 1 მაისამდე უნდა მოხდეს ამ ყველაფრის კანონმდებლობაში ასახვა.

ასე რომ აქ კონკრეტულ ვადებზე არის ეს ყველაფერი მიბმული და თუ ჩვენ დავინახავთ, რომ არც ინიცირება ხდება, არც შემდგომ ამის განხილვები დაიწყება, მაშინ, ჩვენ რა თქმა უნდა, დავტოვებთ პარლამენტს იმიტომ, რომ მაშინ ჩვენს როლს აქ ვერ ვხედავთ. ჩვენ ამის გულისთვის ვართ აქ, იმის გულისთვის, რომ შემდეგი არჩევნები იყოს გამჭვირვალე, გასაგები და სამართლიანი. თუ ეს მიზანი ვერ მიიღწევა ამ რეფორმის შედეგად, მაშინ რა თქმა უნდა, ჩვენ რეალურად დავტოვებთ პარლამენტს და ვიტყვით, რომ "ქართულმა ოცნებამ" უკვე მერამდენედ გატეხა პირობა, მაგრამ მე მგონია, რომ საბოლოო ჯამში ეს ასე არ მოხდება," - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

 

დღის ამბები