რატომ არ უუქმებს მმართველი გუნდი სადეპუტატო მანდატებს ოპოზიციას - პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ უმრავლესობის გადაწყვეტილება პოლიტიკურია. პაპუაშვილი აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებით "ქართული ოცნება" ოპოზიციას დესტრუქციის მოწყობაში უშლის ხელს.
"პასუხი ძალიან მარტივია, ეს გადაწყვეტილება არის პოლიტიკური. ჩვენ ვატყობთ და არამხოლოდ ჩვენ, თავად ოპოზიციის რიგებიდან, მათი ერთობის წევრებმაც განაცხადეს, რომ რომ შიგნით არის გარკვეული ჯგუფები, რომელთაც აქვთ მხოლოდ ერთი დღის წესრიგი, ეს არის არეულობის მოწყობა და წყლის ამღვრევა. ჩვენი პასუხი არის, რომ არ ავამღვრევინოთ წყალი. ამიტომ, ყველა ჩვენი ამ ტიპის გადაწყვეტილება ნაკარნახევია იმისკენ, რომ არ მივცეთ ოპოზიციას იმის საშუალება, რასაც ევროპის საბჭომ უწოდა დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა. არ გააკეთონ ის, რასაც სადამკვირვებლო მისიამ უწოდა უმწიფრობა, ამას ვეწინააღმდეგებით და ვცდილობთ, არ ავამღვრევინოთ წყალი. ჩვენ ვართ პრინციპული და ეს პრინციპული გადაწყვეტილებაა და არ ვაძლევთ მათ საშუალებას, გამოიჩინონ დესტრუქცია,"-განაცხადა "დღის კურიერში" შალვა პაპუაშვილმა.