შესაძლოა თუ არა, გადაადგილებასთან დაკავშირებით შეზღუდვამ ერთი ან ორი საათით გადაიწიოს - საკითხი მთავრობასთან შეხვედრისას სხვადასხვა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმა დააყენეს. მათი ინფორმაციით, გადაწყვეტილება ამ თემაზე, დაახლოებით, ორ კვირაში გახდება ცნობილი.
პრემიერი დღეს ბიზნესმენებს უსმენდა, განიხილეს გზები, თუ როგორ უნდა ამუშავდეს ეკონომიკა სწრაფ რეჟიმში.
"კომენდანტის საათზე იყო საუბარი, იყო საუბარი, რომ გადაწეულიყო ერთი ან ორი საათით მაინც. ამაზე მივიღეთ დაპირება, რომ დავაკვირდებით მაქსიმუმ ორი კვირის მანძილზე და მივიღებთ გადაწყვეტილებასო,“ - აღნიშნა "აიჯი დეველოპმენტის“ დამფუძნებელმა მინდია საბანაძემ.
შეხვედრიდან გამოსულმა ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ დააყენეს საკითხი დარჩენილ შეზღუდვებთან დაკავშირებითაც და მიიღეს დაპირება, რომ ეპიდსტუაციიდან გამომდინარე, დარჩენილი შეზღუდვები თანდათანობით გაუქმდება.
"ჩვენ დავაყენეთ საკითხი კონკრეტული, დარჩენილი შეზღუდვები რაც არის, ამაზე ძალიან მალე ვიმსჯელოთ და მივიღეთ დაპირება, რომ დააკვირდებიან მომავალი ორი კვირის განმავლობაში ეპიდსიტუაციას, ახალ შემთხვევებთან დაკავშირებით კორონავირუსის და ვფიქრობთ, რომ ორ კვირაში ჩვენ იმასაც მივაღწევთ, რომ დარჩენილი შეზღუდვები რაც არის, ისიც თანდათანობით გაუქმდება," - განაცხადა "ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტმა, "ვისოლის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე სოსო ფხაკაძემ.
კიდევ ერთი საკითხი, რაზეც შეხვედრაზე ისაუბრეს, პოსტპანდემიის პერიოდში ეკონომიკის ეფექტურად ამუშავებას ეხებოდა.
"პრემიერმა ისაუბრა, თუ რა მაჩვენებლებზეა დამოკიდებული და როგორ შეიძლება თანდათანობით, გაზაფხულის ბოლოს, ზაფხულში მთლიანი ბიზნესი გაიხსნას. ეს იყო პირველი საკითხი და მეორე საკითხი უფრო ეხებოდა საშუალოვადიან განვითარებას, ანუ ბიზნესი უფრო მეტად რომ კონკურენტუნარიანი გახდეს და ეკონომიკა რომ უფრო მეტად მოძლიერდეს, რა სტრუქტურული რეფორმები, რა ფუნდამენტალური ცვლილებებია ეკონომიკაში საჭირო,“ - განაცხადა ”თიბისი ბანკის” გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.