17 ნოემბერი 2024,   11:53
ვრცლად
ხელისუფლება საპარლამენტო არჩენებისათვის 0-დან 3%-მდე ბარიერს განიხილავს - უმრავლესობის სხდომა დასრულდა

"ქართული ოცნების" სათავო ოფისში უმრავლესობის სხდომა დასრულდა. როგორც უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა, შეხვედრაზე საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით მსჯელობდნენ. მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ "ქართულ ოცნებას" ვალდებულება აქვს აღებული, რომ საკმარისი ხმების, ანუ მანდატების არსებობის შემთხვევაში საარჩევნო ბარიერი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის 0-დან 3%-მდე დაიწევს. 

"გვინდა გამოვხატოთ მკაფიო მხარდაჭერა იმ საარჩევნო რეფორმის მიმართ, რომელმაც სტარტი დღეს აიღო შესაბამისი სამუშაო ჯგუფის მიერ ამ საკითხთან დაკავშირებული პირველი შეკრებით. ჩვენ ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრებთან ერთად, კიდევ ერთხელ გავიარეთ რეფორმასთან დაკავშირებული გარკვეული დეტალები, გავმართეთ დისკუსია ამ თემაზე, შესაბამისად, უზრუნველყოფილი იქნება უმრავლესობის წევრების მაქსიმალური ჩართულობა ამ ისტორიულ და უპრეცედენტო საარჩევნო რეფორმაში.

აქვე გვინდა, ყურადღება შევაჩეროთ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე, ბოლო დღეების განმავლობაში, ჩვენი კოლეგებისგან ხშირად გვესმის პირობა, რომ თუკი ჩვენ დავთანხმდებით ნულოვან ბარიერს, ყველა შემდეგი საპარლამენტო არჩევნებისთვის, ისინი შემოვლენ პარლამენტში და გააგრძელებენ მუშაობას. ამ შემთხვევაში, საუბარია პარტია "გირჩზე". ისინი ასევე აცხადებენ, რომ ამ შემთხვევაში, პარლამენტში სხვა პარტიებიც შემოვლენ, ეს იყო როგორც საჯაროდ, ასევე პირად საუბრებშიც.

შეგახსენებთ, რომ მემორანდუმით, რომელიც ღიაა ყველა საპარლამენტო პარტიისთვის, ჩვენ ისედაც გვაქვს აღებული ვალდებულება, რომ საკმარისი ხმების , ანუ მანდატების არსებობის შემთხვევაში საარჩევნო ბარიერი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის დაიწევს 0-დან 3%-მდე. ეს იმას ნიშნავს, რომ მმართველ გუნდი ამ ფარგლებში ყველა ვარიანტს განიხილავს, მათ შორის უბარიერო სისტემასაც, თუმცა ამავე ფარგლებში, ნებისმიერ გადაწყვეტილებას სჭირდება მყარი არგუმენტაცია, რომელი ვარიანტია უკეთესი ქვეყნის გრძელვადიანი, დემოკრატიული და სტაბილური განვითარებისთვის.

სამწუხაროდ, დღემდე არ მოგისმენია სხვა საპარლამენტო პარტიების დამოკიდებულება და პირობა იგივე საკითხთან დაკავშირებით იზიარებენ თუ არა ისინი პარტია გირჩის ამ პოზიციას და პირობას საპარლამენტო ცხოვრებაში ჩართვასთან დაკავშირებით,“ - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

 

დღის ამბები