02 სექტემბერი 2026,   23:51
ვრცლად
ქობულეთის მუნიციპალიტეტში ცოფის შემთხვევები კიდევ ორ სოფელში გამოვლინდა

კარანტინის მიუხედავად, ქობულეთის მუნიციპალიტეტში ცოფის შემთხვევები სოფელ ჯიხანჯურის გარდა კიდევ ორ სოფელში გამოვლინდა. წყავ-როკასა და ცხრა-ფონაში ვირუსის არსებობას მოსახლეობა ტყეში მომრავლებულ ტურებსა და მგლებს უკავშირებს.

დასახლებებში, სადაც ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა, ასევე კარანტინი გამოცხადდა - იკრძალება შინაური ცხოველის გასეირნება და საძოვარზე გაყვანა, ასევე რძის ნაწარმის სარეალიზაციოდ გატანა. თუმცა მოსახლეობას გადაადგილება შეზღუდული არ აქვს. ცოფის პრევენციისთვის მიმდინარეობს შინაური ცხოველის ვაქცინაცია.

"გამოიცემა შესაბამისი აქტი ღონისძიებების შეზღუდვასთან დაკავშირებით, გამოცხადდება 60 დღიანი ე.წ. კარანტინი, თუმცა მინდა საზოგადოებას მოვუწოდო, რომ აქ პანიკის საფუძველი არაა, ვინაიდან ეს ღონისძიება და ზოგადად ეს პროცესი ექვემდებარება კონტროლს და ყველა უწყება ჩვენთან ერთად მუშაობს იმისთვის, რომ მაქსიმალურად ეფექტურად და უმტკივნეულოდ წარიმართოს აღნიშნული პროცესი," - აცხადებს ქობულეთის მერის მოადგილე დავით ვერულიძე.

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს ქობულეთის მუნიციპალიტეტში უფროსი ინსპექტორის, ნატო ქარდავას თქმით, ცოფის შემთხვევა სოფელ წყავ-როკასა და ცხრა-ფონაში ლაბორატორიულად დადასტურდა.

"დადასტურდა, რომ იყო მაწანწალა ძაღლი, ავიღეთ პათმასალა, გაგზავნილი იქნა სოფლის მეურნეობის ლაბორატორიაში ცოფზე სადიაგნოსტიკოდ. ლაბორატორიიდან მოვიდა შეტყობინება, რომ დადასტურებული არის ცოფის შემთხვევა," – აცხადებს ნატო ქარდავა.

დღის ამბები