ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ალერგია, რომელიც საყურადღებო მდგომარეობაა, ვაქცინაციამდე აუცილებლად უნდა შეფასდეს.
მისივე განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო მიმდინარე კვირაში დაამტკიცებს ალერგიული მდგომარეობების შეფასებისა და პრევენციის პროტოკოლს, რომელიც ალერგოლოგების ექსპერტთა ჯგუფის მიერ მომზადდა.
"ალერგია, რა თქმა უნდა, არის საყურადღებო მდგომარეობა, რომელიც აუცილებლად უნდა შეფასდეს, ვიდრე ვაქცინაცია ჩატარდება. ჯანდაცვის სამინისტრო ამ კვირაში დაამტკიცებს ალერგიული მდგომარეობების შეფასებისა და პრევენციის პროტოკოლს, რომელიც მომზადდა ალერგოლოგების ექსპერტთა ჯგუფის მიერ, სადაც დეტალურად არის განსაზღვრული ის შეკითხვები, რაც უნდა დაისვას მდგომარეობის შეფასებისთვის, ვიდრე ვაქცინაცია ჩატარდება და შემდეგ, თუ როგორ უნდა მოხდეს შესაძლო ალერგიული რეაქციის მართვა.
ტრენინგი უკვე დაწყებულია და ყველა სამედიცინო დაწესებულება, რომელიც ჩაერთვება ამ პროგრამაში, პირველ ეტაპზე გაივლის ამ ტრენინგს, შემდეგ, რა თქმა უნდა, მოხდება სრულად ყველას მოცვა.
დეტალური საინფორმაციო პაკეტი, რომელსაც ჩვენ მივიღებთ მწარმოებლებისგან დაავადებათა კონტროლის ცენტრის საშუალებით გახდება ცნობილი მოსახლეობისთვის, სადაც დეტალურად არის განსაზღვრული ის მდგომარეობები, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ.
უმრავლეს შემთხვევაში, მძიმე ალერგიული რეაქციები მოსალოდნელი არ არის. მილიონში შეიძლება ერთეული შემთხვევა დაფიქსირდეს, ისიც ამ ბოლო პერიოდში პრაქტიკულად არ დაფიქსირებულა, მაგრამ მზაობის უზრუნველყოფისთვის ეს ყველაფერი უნდა შესრულდეს,"- განაცხადა თამარ გაბუნიამ.