"ევროპულ საქართველოში", სადაც პარტიაში განახლება დააანონსეს, კონრეტულ გეგმებზე ჯერჯერობით არ საუბრობენ. ასევე უცნობია, დავით ბაქრაძის პარტიის თავმჯდომარის პოსტიდან წასვლის შემდეგ, ყრილობის მერე ვინ შეიძლება დაიკავოს მისი ადგილი, ასევე ვინ შეცვლის გიგი უგულავას და ვინ იქნებიან პარტიის ახალი სახეები.
მას შემდეგ, რაც პარტია ზურაბ ჭიაბერაშვილმა დატოვა და პოლიტიკური თანამდებობებიდან წასვლის შესახებ განცხადებები გააკეთეს უგულავამ და ბაქრაძემ, არ არის გამორიცხული საკუთარ გეგმებს გადახედონ პარტიის სხვა წევრებმაც. მაგალითად, ლევან თარხნიშვილი აცხადებს, რომ მისი პარტიიდან წასვლის ან დარჩენის საკითხს, უახლოეს პერიოდში გადაწყვეტს.
"პარტია საჭიროებს განახლებას და ეს განახლება სტრუქტურული და პერსონალური ცვლილებების გარეშე შეუძლებელია. პარტიაში დავრჩები თუ არა, მაგას უახლოეს მომავალში გადავწყვეტ,"- აღნიშნა "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა ლევან თარხნიშვილმა.
”ევროპული საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი ლაშა დამენია აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე გუნდში აზრი ორად გაიყო. მისივე თქმით, ნაწილი თვლის, რომ ლიდერები უნდა გაიწიონ, რათა გზა ახალ ლიდერებს დაუთმონ, ნაწილის აზრით კი, უნდა დარჩეს ვინმე მაინც, რათა ის იდენტიფიცირებული იყოს "ევროპულ საქართველოსთან".
"ევროპულ საქართველოში" დაანონსებულ და მოსალოდნელ ცვლილებებს, სხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები აფასებენ.
"სტრატეგია აღმაშენებელში" თვლიან, რომ არჩევნების შემდეგ, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც არჩევნების გაყალბებაზეა საუბარი, აუცილებელია პარტიებმა სხვადასხვა გადაწყვეტილებაზე იმსჯელონ.
"მთელი რიგი პოლიტიკური პარტიები ათწლეულებია, არ გამოხატავენ საქართველოს უმრავლესობის ინტერესებს. ალბათ, არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე დადგა პასუხისმგებლობა პარტიაში. ეს კარგი პრაქტიკაა, წლებია ოპოზიცია არჩევნებს აგებს და ამ საკითხზე პარტიებში არანაირი გადაწყვეტილებები არ არის მიღებული. ჩვენ. "სტრატეგია აღმაშენებელში" გავაკეთეთ გარკვეული შეფასება, ჩვენი სუსტი რგოლი იყო რეგიონებში სტრუქტურების არ არსებობს,"- აცხადებს პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" პოლიტიკური საბჭოს წევრი პაატა მანჯგალაძე.
"ნაციონალურ მოძრაობაში" კი აცხადებენ, რომ "ევროპულ საქართველოში" განხორციელებული ცვლილებები არანაირ რყევას არ გამოიწვევს.
"არანაირ რყევას არ გამოიწვევს ეს ჩემი აზრით. ეს მათი შიდაპარტიული საკითხია. ზოგადი შეფასებით, ლიდერების ნაწილმა საკმაოდ პასუხისმგებლიანი და სწორი გადაწყვეტილება მიიღო. "ევროპულ საქართველოში" ოპოზიციური ერთობის ნაწილი იყვნენ, არიან და იქნებიან," - აღნიშნავს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა ობოლაძე.