ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით განცხადებები გაკეთდა ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრში. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ნიკა ობოლაძე 22 პოლიტიკური პარტიის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებას ეხმაურება და მათ სოლიდარობას და მხარდაჭერისთვის მადლობა უხდის. ის ამბობს, რომ ერთობლივი ბრძოლა ბოლომდე გაგრძელდება.
"მადლობას ვუხდით მათ ამ მხარდაჭერისთვის, მათი მხარდაჭერა არის ლოგიკურიც, ასე რომ ჩვენ ამ ბრძოლაში ვართ ბოლომდე, ვაგრძელებთ ბრძოლას. სამჯერ უწევს პარლამენტს მსჯელობა ნიკა მელიას მანდატზე. ერთხელ აღმოჩნდა რომ დემოკრატიისთვის და მართლმსაჯულებისთვის კარგი იყო, რომ მოეხსნათ მანდატი, ერთი კვირის წინ აღმოჩნდა რომ დემოკრატიას და მართლმსაჯულებას უნდოდა, რომ არ მოეხსნათ ეს მანდატი მელიასთვის და ახლა თურმე შეიძლება აღმოჩნდეს, რომ დემოკრატიას და მართლმსაჯულებას უნდოდეს რომ მანდატი მოუხსნას მელიას," - განაცხადა ნიკა ობოლაძემ.
"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლაშა დამენია ამბობს, რომ "ქართული ოცნება“ საკუთარი ძალის დემონსტრირებას ცდილობს.
"ჩვეულებრივი ნონსენსია, ერთი ხელით აპირებდე მოლაპარაკებას და მეორე ხელით მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის მიმართ გაუგონარი და იდიოტური ბრალდებებით აღძრავდეს საქმეს. რა თქმა უნდა, უბრალოდ ძალის დემონსტრირებაა," - განაცხადა ლაშა დამენიამ.
ნიკა მელიას საქმეს პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" პოლიტიკური საბჭოს წევრი პაატა მანჯგალაძე კი ერთგვარ მორალურ აქტს უწოდებს.
"ეს არის გარკვეული მორალური აქტი, რომელიც მელიას წარმოდგენით და მისი აღქმით უპირისპირდება უსამართლო სისტემა. ეს არ არის მაგალითი და მოწოდება სხვებისთვის, ვინც მაგალითად კრიმინალი ჩაიდინა კონკრეტული, რომ მათაც დაუმორჩილებლობა გამოუცხადონ კანონს და კანონმდებლობას," - ამბობს პაატა მანჯგალაძე.