ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით განცხადებები მმართველ გუნდშიც გაკეთდა. ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ამბობს, რომ სასამართლო მიმდინარეობს და პოლიტიკური აქტივობა ერთგვარ დაცვას არ წარმოადგენს.
"მართლმსაჯულებას აქვს თავისი წესები, სასამართლო მიმდინარეობს და სასამართლო თავის გადაწყვეტილებას გამოიტანს დ არანაირი პოლიტიკური აქტივობა არ არის ინდულგენცია. არც ერთ ჩვენგანს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან. აქედან გამომდინარე, თვითონ ცინიკური დამოკიდებულება მართლმსაჯულების ძირითად ინსტრუმენტების და ინსტიტუტების მიმართ, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს დისკრედიტაციას, რაც აბსოლუტურად მიუღებელია," - აცხადებს ნათია თურნავა.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია.
"ჩვენ უნდა ამოვიდეთ მთავარი პრინციპიდან, რომ კანონის წინაშე ყველა არის თანასწორი და ყველა ვინც შეეცდება რომ ეს თანასწორობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს, რა თქმა უნდა, თავის თავს აყენებს კანონგარეშე. ამიტომ, კიდევ არის დრო რომ გირაო შეტანილი იყოს და დაველოდებით ბოლო მომენტამდე შეიტანს თუ არა გირაოს და შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
გენერალურმა პროკურატურა ნიკა მელიასთვის გირაოს პატიმრობით შეცვლის შესახებ პარლამენტს თანხმობის თხოვნით მიმართა. ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებამ გუშინ გაავრცელა. არჩილ თალაკვაძის სახელზე გაგზავნილ 6 გვერდიან დოკუმენტში გაწერილია ის არგუმენტები, რის საფუძველზეც სახელმწიფო ბრალდება ითხოვს ნებართვას, რომ გირაო პატიმრობით შეიცვალოს. პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ მნიშვნელოვანია განისაზღვროს მოცემული შემთხვევისათვის რელევანტური, უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიება, რომელიც გირაოსგან განსხვავებით შეძლებს უზრუნველყოს ნიკანორ მელიას სათანადო ქცევა.