"ბიდენის ადმინისტრაცია: საგარეო და საშინაო სირთულეების წინაშე" - ასე ეწოდება აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილის, დევიდ კრამერის ახალ პუბლიკაციას, რომელშიც საქართველო მოხვდა.
როგორც აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე წერს, არ უნდა იყოს დავიწყებული რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია.
"მოსაძებნია ახალი მიდგომები, რაც მოსკოვს მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას აიძულებს"- წერს კრამერი.
კრამერი აცხადებს, რომ ვაშინგტონმა, ბრიუსელმა და ევროპის სხვა დედაქალაქებმა არ უნდა დაუთმონ მოედანი ავტორიტარულ რეჟიმებს, როდესაც საქმე "ნაკლებად უზრუნველყოფილი" ქვეყნებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის სამედიცინო დახმარებას ეხება.
ანალიტიკოსს საქართველო სწორედ ამ ქვეყნების რიგში შეჰყავს. მისი თქმით პანდემიამ საქართველოს ეკონომიკა მნიშვნელოვნად დააზიანა თუმცა ვითარების გამოსწორების ნიშნები ჯერ არსად ჩანს.
კრამერი პოლიტიკურ კრიზისსაც ეხება და წერს, რომ სიტუაცია კიდევ უფრო გაართულა პოლიტიკურმა კრიზისმა, რომელიც 2020 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნებისას დაშვებულმა მნიშვნელოვანმა დარღვევებმა გამოიწვია.
"ოპოზიციის მიერ გამოცხადებული ბოიკოტის შედეგად მმართველმა პარტიამ პარლამენტზე პრაქტიკულად სრული კონტროლი დაამყარა. დასავლეთი შეეცადა მედიატორის როლი ეთამაშა და მხარეებს შორის კომპრომისული შეთანხმებისთვის მიეღწია, რაც წარუმატებლად დასრულდა. დაზიანდა საქართველოს რეპუტაცია, რომლის ქვაკუთხედი ქვეყნის დემოკრატიული მმართველობის სისტემა იყო. მიუხედავად პოლიტიკური კრიზისისა, საქართველოს მხარდაჭერა ბაიდენის ადმინისტრაციის სამოქმედო გეგმის ევროპული პოლიტიკის პრიორიტეტებს შორის უნდა იყოს. საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის ხანგრძლივი მჭიდრო ურთიერთობა, საქართველოს მოსახლეობის ძლიერი პროამერიკული განწყობა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის უცვლელი ნება ასეთი მხარდაჭერისთვის საკმარისი მიზეზებია," - წერს კრამერი.