17 ნოემბერი 2024,   12:04
ვრცლად
შეუჩერდება, თუ არა სადეპუტატო უფლებამოსილება ნიკა მელიას - პოლიტიკური სპექტრი პარლამენტის გადაწყვეტილების მოლოდინშია

პოლიტიკური სპექტრი პარლამენტის გადაწყვეტილების მოლოდინშია, შეუჩერდება თუ არა სადეპუტატო უფლებამოსილება ნიკა მელიას. ოპოზიციურ პოლიტიკური პარტიების წევრები ამბობენ, რომ მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ბაჩო დოლიძე ფიქრობს, რომ ეს პროცესები თავად "ქართული ოცნებისთვის" იქნება საზიანო. 

"ეს ავანტიურა, რომელიც წამოიწყო ქართულმა ოცნებამ, ძალიან ცუდად შეუტრიალდათ პირველ რიგში ისევ ქართულ ოცნებას და იმ ტურბულენტობიდან როგორ გამოვლენ, ჩვენ ყველა ერთად ვიხილავთ. იმიტომ რომ ეს არ არის ნიკა მელიას გასამართლება, ეს არის გასამართლება თითოეული 20 ივნისის მონაწილის, რომელიც იქ იდგა და პროტესტს გამოთქვამდა," - განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ხელისუფლება მართლმსაჯულებას უგულებელყოფს. 

"უსამართლობა ყოველთვის შობს მსგავს დილემებს იმ ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალისთვის, რომელსაც არც მართლმსაჯულება აინტერესებს, არც სამართალი, არც კანონი, უბრალოდ უნდა რომ იმოქმედოს ისე, როგორც თავად უნდა რომ იმოქმედოს. ვფიქრობ, რომ მელიამ კიდევ უფრო გაუმძაფრა ეს დილემა ხელისუფლებას, ახლა თვითონ უნდა ამოხსნან და გამოსავალი მოიძიონ,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

პარტია "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრის თქმით, ნიკა მელია პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების მსხვერპლი გახდა.

"იმას მოწმობს ეს ყველაფერი, რომ საქართველოში პოლიტიკოსობა და პოლიტიკური ლიდერის რანგში ყოფნა, ფაქტიურად გარანტირებულად ნიშნავს სამწუხაროდ იმას, რომ შენ იქნები პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების მსხვერპლი, როგორც არის დღეს ნიკა მელია. ხელისუფლება ცდილობს, მელიას საქმის გამწვავებით გაამწვავოს საზოგადოდ პოლიტიკური ვითარება, რომელიც დღეს გვაქვს ქვეყანაში, იმიტომ რომ მათ არ სურთ რომ ეს კრიზისი გადაიჭრას," - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

საქართველოს "ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი კი მიიჩნევს, რომ ნიკა მელიას დაპატიმრების თაობაზე პარლამენტის მხრიდან თანხმობის გაცემა, პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება.

"ნიკა მელიას დაპატიმრებაზე თანხმობის მიცემა, ეს იქნება კოლექტიური თვითმკვლელობა ციურ ბადეთა თანავარსკვლავედზე, როგორც ამას ცნობილი იაპონური პიესა გვასწავლის. ამდენად, რა თქმა უნდა, ღრმადპატივცემულ ქოცხროვას აქვთ საკუთარი გვამის უდიდესი სიყვარული და ამის გამო არ გაწირვენ თავის პოლიტიკურ კარიერას, რომელიც ისედაც ძალიან მოკლე და მცირე დარჩა," - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. 

დღის ამბები