17 ნოემბერი 2024,   12:04
ვრცლად
უმრავლესობა ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარს უჭერს

უმრავლესობა ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარს უჭერს. ამის შესახებ განცხადება "ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის შეხვედრის დასრულების შემდეგ მამუკა მდინარაძემ გააკეთა.  

"დღეს უმრავლესობის სხდომაზე განვიხილეთ მიმდინარე პოლიტიკური საკითხები, მათ შორის საარჩევნო რეფორმა, კულტურის კომიტეტის შექმნის ინიციატივა, საგამოძიებო კომისიის საკითხი და პარლამენტში პროკურატურის მიერ შემოტანილი შუამდგომლობა ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილებს შეჩერებასთან დაკავშირებით. ჩვენი როგორც პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკური ძალის ამოცანაა უზრუნველვყოთ კანონის უზენაესობა, უპირობოდ დავიცვათ თანასწორობის პრინციპი და ჩვენი გადაწყვეტილებით არ შევაფერხოთ მართლმსაჯულების გადაწყვეტილება.

სამწუხაროდ, ნიკა მელიას ისევე როგორც ნაციონალური მოძრაობის მიზანი არის აბსოლუტურად საპირისპირო და ისინი მიზანმიმართულ პროვოკაციას უწყობენ მართლმსაჯულების სისტემას, სახელმწიფოს და საზოგადოების ნდობას ინსტიტუტების მიმართ. ამავდროულად, მან საკუთარი თავი ასეთი ალტერნატივის წინაშე დააყენა, უწევს ან ბოდიში მოუხადოს საზოგადოებას, სახელმწიფოს და გადაიხადოს გირაო, ან თავადვე დაიმძიმოს აღკვეთის ღონისძიება. ჩვენ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხის განხილვა აღარ გადავდეთ, რათა მან წინასწარ იცოდეს გუნდის საერთო პოზიცია, რომ უმრავლესობა მხარს დაუჭერს მისთვის იმუნიტეტის მოხსნას. შესაბამისად, მას კიდევ აქვს დრო და შესაძლებლობა, მიიღოს არა პროვოკაციული დღის წესრიგით ნაკარნახევი პოლიტიკური გადაწყვეტილება, არამედ პატივი სცეს საკუთარი ქვეყნის კანონმდებლობას და გადადგას სამართლებრივად სწორი, კანონის მოთხოვნების შესაბამისი ნაბიჯი.

აქვე, საზოგადოებამ უნდა იცოდეს და ხაზგასმით აღვნიშნავთ, დღეს ერთადერთი ადამიანი, ვისზეც ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების დამძიმება - არ დამძიმების საკითხია დამოკიდებული თავად ნიკა მელიაა და მას კიდევ რამდენიმე დღე რჩება, რომ კარგად გაიაზროს საკუთარი გადაწყვეტილება," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.  

გენერალურმა პროკურატურა ნიკა მელიასთვის გირაოს პატიმრობით შეცვლის შესახებ პარლამენტს თანხმობის თხოვნით გუშინ მიმართა. "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ დახურული შეხვედრაზე სწორედ ეს საკითხი განიხილეს. მმართველმა პარტია საკანონდებლო ფარგლებში განსახორციელებელ პროცედურებს არ დაელოდა და ამ განცხადებით საკუთარი პოზიცია წინასწარ გამოხატა.

 

დღის ამბები