კორონავირუსის დღიური მაჩვენებლის კლება გახდა მიზეზი, რომ დღეიდან ამოქმედებულიყო შეზღუდვების შემსუბუქების კიდევ ერთი ეტაპი.
თბილისში, რუსთავში და ქუთაისში იძულებითი პაუზის შემდეგ, დღეს მოსწავლეებს მიეცათ საშუალება, რომ დაბრუნდნენ საკლასო ოთახებში და პედაგოგებიც გამონაკლის შემთხვევებში ონლაინ გაკვეთილებს აღარ ჩაატარებენ.
"მშობლების გარკვეულმა ნაწილმა აირჩია დისტანციური სწავლება, დაახლოებით 1/3-იც არ არის. სკოლაში მოვიდნენ მოსწავლეების 2/3-ზე მეტი. ცვლები გვაქვს, 9 საათზე ერთი ნაკადი შემოვიდა, 9:30-ზე მეორე ნაკადი, შემდეგ უკვე მეორე ცვლის ნაკადი და ასე გადავანაწილეთ. დასვენებებიც ასევე შეჭრილი გვაქვს, ვცდილობთ, რომ 2 კლასზე მეტი დერეფანში არ გამოვიდეს. ადგილზე განიავება, დამუშავება სველი წერტილების და ყველაფერი აბსოლუტურად პროტოკოლის შესაბამისად ხდება," – აცხადებს 126-ე სკოლის დირექტორი ირინა მჭედლიძე.
პედაგოგების განმარტებით, დღეს ბავშვებისთვის დიდი დღეა და ძალიან სასიხარულოა, რომ მათ ერთმანეთთან შეხვედრა მოახერხეს და სწავლების ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდნენ.
ცნობისთვის, მე-5 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით, ბავშვებისთვის პირბადის ტარება სავალდებულო გახდა.
კიდევ ერთი გადაწყვეტილება - ბათუმის შემდეგ, უკვე დღეიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები ღია სივრცეებს გახსნიან. სავალდებულოა მუშაობა ყველა იმ წესის დაცვით, რომელიც საკოორდინაციო საბჭომ შეიმუშავა.
"რამდენიმე თვე მთლიანად გაჩერებულები ვიყავით, არ ვიცი როგორ დავუბრუნდებით პირველ ნიშნულს და როგორ მოვახერხებთ ადაპტაციას და ნელ-ნელა ფორმაში ჩადგომას, მაგრამ დავხვდით მომხმარებლებს, სასიამოვნოა, რომ უკვე გამოჩნდნენ, იმედია ამინდიც შეგვიწყობს ხელს," - აცხადებს "ვერიკო-ქიქოძეს" წარმომადგენელი ანა კოშაძე.
როგორც მომხმარებლები "კურიერთან" აცხადებენ, მიესალმებიან რესტორნებში ღია სივრცეების გახსნას და თავს, საკმაოდ დაცულად და უსაფრთხოდ გრძნობენ.