"ლეიბორისტების" ოფისში შესვლამდე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ დღეს ბოიკოტირებული ხელისუფლების ოპონენტების შეკრების მთავარი თემა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხი იქნება.
"ევროპული საქართველოს" გენერალური მდივანი გიგი უგულავა აცხადებს, რომ ხელისუფლება უკვე კანონის ფარგლებს გასცდა.
"მოვა სპეცრაზმი, დამარტყამს? დავარტყამ, პირდაპირ გეუბნებით, იმიტომ, რომ ხელისუფლება გავიდა კანონის ფარგლებიდან. ისინი გვეუბნებიან, რომ უნდა დაგვაჩმორონ, გვეუბნებიან, რომ მოვალ სპეცრაზმით და ყველანაირ უკანონობას ჩავიდენო. მე, საქართველოს მოქალაქეს, გიგი უგულავას, მაქვს კონსტიტუციით მონიჭებული უფლება, როდესაც მოძალადე მოდის და მეძალადება, როდესაც სახელმწიფო არ მიცავს, მოქალაქემ თავი უნდა დაიცვას. უკანონოა 20 ივნისის გამოძიება, რადგანაც გამოსაძიებელია ივანიშვილის, გახარიასა და მათი მონაწილეობა, ვინც ადამიანებს თვალები დათხარა,"- აღნიშნავს "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" გენერალური მდივანი გიგი უგულავა.
ის, რომ ნიკა მელიას საქმე პოლიტიკური საკითხია, ამაზე ოპოზიციურ პარტიებში უკვე ღიად საუბრობენ და მმართველ გუნდს მოუწოდებენ, მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილება და არ მოუხსნან იმუნიტეტი ნიკა მელიას.
"ნიკა მელიას საქმე უკვე პოლიტიკური საკითხია. აქ მართლმსაჯულებაზე არ არის საუბარი. ჩვენ ვნახეთ, რომ მმართველმა გუნდმა მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, როდესაც კონსტიტუციის დარღვევით დეპუტატებს განცხადებები არ დაუკმაყოფილა. ახლა კი, მათ მოვუწოდებ, რომ მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილება და არ მოუხსნან იმუნიტეტი ნიკა მელიას,"- აღნიშნავს "საქართველოს ევროპელი დემოკრატების" თავმჯდომარე პაატა დავითაია.
ოპოზიციური პარტიები ასევე აცხადებენ, რომ განხილვის თემა ნიკა მელიას საკითხთან ერთად იქნება გიორგი რურუას საქმე და ზოგადად პოლიტიკური დევნის საკითხი.
ამ წუთებში, ოპოზიციური პარტიები "ლეიბორისტების" ოფისში იკრიბებიან, სადაც შიდა კონსულტაციები განახლდება.