19 ნოემბერი 2024,   14:24
ვრცლად
ხელისუფლების მიერ მოხსნილი ჯვარი მღვდელმთავრის კურთხევით დაიდგმება ეპარქიის კუთვნილ ტერიტორიაზე - მიტროპოლიტი იოანე

ქუთაისის გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი, რიონის ხეობაში ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით პროტესტს და ჯვრის აღებას, ორი კვირის შემდეგ ეხმიანება. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში სასულიერო პირი ამბობს, რომ ჰესის მოწინააღმდეგეებმა ეკლესიის მიმართ არასწორი გზა შეარჩიეს და კურთხევის გარეში ჯვარი თვითნებურად აღმართეს.

"ვინც აპროტესტებს ნამახვანჰესის მშენებლობას, მათ ეკლესიასთან მიმართებით არასწორი გზა აირჩეს. ორი მღვდელმთავრის კურთხევის გარეშე რამდენიმე თვის წინ დაიწყეს თვითნებური მოქმედება; სიტყვა არ ისმინეს და ის, რაც უნდა გვაერთიანებდეს, უფლის ჯვარი, დაპირისპირების საბაბად აქციეს, სამართლებრივი გზით სვლას ქუჩის აქციები ამჯობინეს.

მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, დიალოგი ვერ შედგა. პასუხად, კურთხევის გარეშე, თვითნებურად დადგეს დიდი ზომის ჯვარი სავალ ნაწილზე, რომ შეფერხებულიყო ფირმის ტექნიკის მოძრაობა. მოხდა დაპირისპირება ადგილობრივ მოსახლეობასთან, რომელიც დასაქმებული იყო აქ და დარჩა უმუშევარი. სიტყვით პასუხს ხელისუფლებას სთხოვენ, საქმით კი ფირმაზე ზეწოლას ახდენენ.

ჯვარი კურთხევით აღიმართება იქ, სადაც უნდა აშენდეს ტაძარი, ან იმ ადგილას, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით არის გამოყოფილი მისთვის. კურთხევა, ამ შემთხვევაში, ეპარქიის მღვდელმთავრის მიერ სრულდება. ეკლესიის კანონის თანახმად, ხელისუფლების მიერ მოხსნილი ჯვარი მღვდელმთავრის კურთხევით დაიდგმება ეპარქიის კუთვნილ ტერიტორიაზე"- წერია განცხადებაში.

ამავე განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ჰესის მოწინააღმდეგეებმა საკუთარი განცხადებები საფრთხეებთან დაკავშირებით რამდენჯერმე შეცვალეს და საფრთხეების დამადასტურებელი "საიდუმლო საბუთიც" ამ დრომდე ვერ წარადგინეს.

დღის ამბები