წინა შემთხვევისგან განსხვავებით, ნიკა მელია მისთვის უფლებამოსილების მოხსნის კენჭისყრას არ დაესწრება. პარტია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე დილიდან პარტიის ოფისში იმყოფება. მელია ისევ იმეორებს, რომ მასზე დაკისრებულ გირაოს არ გადაიხდის და ვერც დააპატიმრებენ.
"ზურგი შემექცია საზოგადოებისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" ასი ათასობით ამომრჩევლისთვის, აი დავუშვათ და დღეს ვყოფილიყავი პარლამენტში, შიგნით, ალეკო ელისაშვილის გვერდით, მე დღეს შემიწყვეტდნენ უფლებამოსილებას, შემიჩერებდნენ იმუნიტეტს, თუ არა? რა თქმა უნდა, არა. მეტიც, ნებისმიერი საკითხი, რომელზეც შეიძლება მე უბრალოდ მიმემართა "ქართული ოცნებისთვის" და მეთხოვა რურუას გათავისუფლებიდან დაწყებული, რურუას გაათავისუფლებდნენ კი არა, საკუთარ რამდენიმე დეპუტატს დაიჭერდნენ, ოღონდ მე შევსულიყავი პარლამენტში.
რაც არ უნდა გააკეთონ ახლა ამათმა, გავრილოვის დასაჭერი მე არ ვარ. საქართველოს არც ერთი მოქალაქის დაჭერა არ შეიძლება გავრილოვის გამო, იმიტომ რომ 20 ივნისს საერთო ეროვნულ გამოსვლაში მიიღო მონაწილეობა და მე ვიყავი ერთ-ერთი, მხოლოდ ხო? ხელის ცახცახით ღილაკს როგორც ჩანს მიაჭერინებენ, მაგრამ მერე იძულებულები გახდებიან "ქართული ოცნების" ეს პოლიტიკური კლასი, თუ ამას კლასი შეიძლება ეწოდოს, ტელეფონს ხელში აიღებენ, მურუსიძეს დაურეკავენ და დავალებას მისცემენ, რომ მელია არ დაიჭირო, იმიტომ, რომ თავზე ჩამოგვენგრევა პოლიტიკური ხელისუფლებაო. ამას გააკეთებენ. შესაბამისად, გირაოს როგორც დავპირდი, არ გადავიხადე და ვერ დამიჭერენ და ამას ვნახავთ მინიმუმ დღის ბოლოს ან ხვალ," – განაცხადა ნიკა მელიამ.