პროკურორი ამირან გულუაშვილი ამბობს, რომ ბრალდების მხარე ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს დღესვე მიმართავს.
პროკურორი ამბობს, რომ საქართველოს პარლამენტმა გაიზიარა ის სამართლებრივი არგუმენტაცია, რაც გააჩნდა ბრალდების მხარეს ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით.
"საქართველოს პარლამენტმა გენერალური პროკურორის წინადადების განხილვის შედეგად მიიღო გადაწვეტილება და გენერალურ პროკურატურას ნება დართო ნიკანორ მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართოს თბილისის საქალაქო სასამართლოს. ეს სამართლებრივად ნიშნავს იმას, რომ საქართველოს პარლამენტმა გაიზიარა ის სამართლებრივი არგუმენტაცია, რაც გააჩნდა ბრალდების მხარეს ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის დადგენილებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა ფაქტი იმისა, რომ სასამართლო გადაწყვეტილების, ისე, როგორც კანონის მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა ყველა ადამიანისთვის, მიუხედავად მისი თანამდებობისა თუ პოლიტიკური კუთვნილებისა. საპარლამენტო იმუნიტეტი არ წარმოადგენს ინდულგენციას არც ერთი ადამიანისთვის, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით.
რაც შეეხება შემდგომ პროცედურებს, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, გათვალისწინებული არის სასამართლოსათვის შუამდგომლობით მიმართვა, რისი უფლებამოსილებაც გააჩნია ბრალდების მხარეს. შესაბამისად, დღესვე ბრალდების მხარე უზრუნველყოფს შესაბამისი შუამდგომლობის წარდგენას თბილისის საქალაქო სასამართლოში.
ვინაიდან, საკითხი ეხება აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას, კანონმდებლობის თანახმად, სასამართლომ შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში უნდა ჩანიშნოს შესაბამისი სასამართლოს სხდომა, სადაც მოხდება მხარეთა არგუმენტების მოსმენა," - განაცხადა ამირან გულუაშვილმა.