"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დაადასტურა, რომ ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით, გუნდში აზრთა სხვადასხვაობა მართლაც იყო.
მისი თქმით, მათ გიორგი გახარიასგან ვერ მოისმინეს საკმარისი არგუმენტები.
"მოგეხსენებათ, გიორგი გახარიამ მიიღო გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადაგომის შესახებ. ის იყო ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრი და სამწუხაროა, რო მან მიიღო ეს გადაწყვეტილება.
ჩვენს პოლიტიკურ გუნდში ნამდვილად იყო დისკუსია ნიკანორ მელიას მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ვადებთან დაკავშირებით. გიორგი გახარიას ჰქონდა გუნდის სხვა წევრებისგან გასხვავებული პოზიცია ამ საკითხზე. თუმცა, არგუმენტები, რომელიც გაამყარებდა მის პოზიციას, ჩვენ ვერ მოვისმინეთ.
წყალგამყოფი იყო საკითხი, სახელმწიფომ უნდა აჩვენოს ცხადად თავისი სახე, როგორც სახელმწიფომ თუ არა. გუნდის დანარჩენი წევრებისთვის ამ კითხვაზე პასუხი იყო ერთმნიშვნელოვანი - ქვეყანა, სადაც არ არის უზრუნველყოფილი კანონის აღსრულება, მით უმეტეს, როდესაც მას დამნაშავეები ასეთი უხეში გამოწვევის წინაშე აყენებენ, ვერ შედგება როგორც სახელმწიფო. უფრო მეტიც, ეს ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლიტიკურ რადიკალიზაციას და პოლარიზაციას.
ჩვენი, როგორც ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, მყარად და მკაცრად დავიცვათ სახელმწიფოს ღირსება.
პრემიერის გადადგომის ფონზე, შს მინისტრმა მიიღო სრულიად ლოგიკური გადაწყვეტილება ნიკანორ მელიას დაკავების პროცესის დროებით გადადების შესახებ. ახლა ჩვენი პოლიტიკური გუნდის ყურადღება მთლიანად იქნება კონცენტრირებული მთავრობის ახალი გუნდის ფორმირებაზე. მოვუწოდებთ ნიკანორ მელიას დაემორჩილოს კანონს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელისუფლება უზრუნველყოფს კანონის აღსრულებას და მის დაპატიმრებას.
მთავრობის ფორმირება დაიწყება და დასრულდება კანონით გათვალისწინებულ უმოკლეს ვადებში,"-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ვადებზე გიორგი გახარიას გუნდის სხვა წევრებისგან გასხვავებული პოზიცია ჰქონდა