ქართველი ხალხი იმსახურებს კანონის უზენაესობას, დემოკრატიასა და პატიოსან, დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას, – ამ შინაარსით შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელი, ჯიმ რიში და სენატორ ჯინ შაჰინი ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ.
ამერიკელი სენატორები პოლიტიკურ პარტიებს მოლაპარაკებებში ჩართვისკენ მოუწოდებენ.
"ღრმად ვართ შეშფოთებული საქართველოში ბოლო დროს განვითარებული პოლიტიკური მოვლენების გამო. ქართველი ხალხი იმსახურებს კანონის უზენაესობას, დემოკრატიასა და პატიოსან, დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, საქართველოს ოფიციალურ პირებთან მრავალჯერ წამოვჭერით პოლიტიკური დევნის პრობლემა. მიუხედავად იმისა, რომ მოხარული ვართ ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიასთვის პატიმრობის გაუქმებით, ასეთი პოლიტიკური დევნა და დაკავებები არ უნდა ხდებოდეს. ახლა პოლიტიკური სპექტრის ყველა მხარე უნდა დაუბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდას და განმუხტოს პოლიტიკური ატმოსფერო. ვიმედოვნებთ, რომ ეს პოლიტიკური კრიზისი დასრულდება სწრაფად და მშვიდობიანად“, – აღნიშნულია სენატორების განცხადებაში.