"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში ელჩებთან ოპოზიციის ლიდერების შეხვედრას, მისი პარტიის მხრიდან სერგო ჩიხლაძე ესწრებოდა.
თავად გიორგი ვაშაძე უკრაინაში იმყოფება და შეხვედრაზე მისვლა სწორედ ამ მიზეზით ვერ შეძლო.
"სერგო ჩიხლაძე ესწრებოდა ჩვენი მხრიდან ელჩებთან შეხვედრას. პირველი - აბსოლუტურად სხვა ვითარებაა ჩვენი დასავლელი პარტნიორებისა და ელჩების თვალშიც საქართველოში შექმნილი, იმიტომ რომ ისინიც არ ელოდნენ, თუ ასეთ აგრესიულ ქმედებაზე წავიდოდა "ქართული ოცნება".
მეორე მხრივ - მათ იკითხეს, რამდენად გვაქვს სურვილი, რომ ფასილიტაცია გააგრძელონ ამ ადამიანებმა, რაზეც, რა თქმა უნდა, დასტური მიიღეს ჩვენგან.
მესამე კი - ამ კრიზისის განმუხტვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ერთდროულად გავათავისუფლოთ ნიკა მელია, გიორგი რურუა და საერთოდ, უკვე მრცხვენია ადამიანების, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი კონტაქტის ძირითადი ნაწილი არის არა ის, რომ ინვესტიციები მოვიზიდოთ, არამედ ის, რომ პოლიტიკური ანგარიშწორება ქვეყანაში უნდა დასრულდეს. თითქოს ორჯერ ორი ოთხია ეს ყველაფერი, მაგრამ, სამწუხაროდ, "ქართული ოცნება" გვეუბნება, რომ სხვა ციფრია, ამაშია პრობლემა," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.