"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან წამოსულ კრიტიკას "ქართულ ოცნებაში" პასუხობენ. მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ამერიკელი სენატორები ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი მსგავს შეფასებებს აკეთებდნენ იმ პოლიტიკოსებთან მიმართებაშიც, რომლებიც კონკრეტულ დანაშაულში იყვნენ ბრალდებული. ამასთან მამუკა მდინარაძე ხაზს უსვამს იმას, რომ ამერიკელი კონგრესმენ ადამ კინზინგერს განსხვავებული შეფასებები ჰქონდა საქართველოსა და აშშ-ში მომხდარი მსგავსი მოვლენების დროს:
"რიში და შაჰინი 2012 წლიდან სამწუხაროდ ზუსტად ანალოგიურ პოზიციას იჭერენ, სხვა პოლიტიკოსები, რომლებიც იყვნენ კონკრეტულ დანაშაულში მხილებული, ბრალდებულები და შემდეგ მსჯავრდებულები, მათი მხრიდან იყვნენ ასეთივე დაცვის ობიექტები.
რაც შეეხება კინზინგერს, აქაც შეიძლება თავისუფლად ვთქვათ, რომ ჩვენი და მისი პოზიცია ნამდვილად არ ემთხვევა ერთმანეთს, ნამდვილად გასაკვირია ის ფაქტი, როცა მისი პოზიცია აბსოლუტურად განსხვავებული იყო თავის ქვეყანაში," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.