პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ავტოიმპორტიორებისთვის დაწესებული შეღავათები პირველ ივნისამდე გადავადდა.
ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.
პრემიერის თქმით, შეღავათი ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაახლოებით 19 000-ს მფლობელს შეეხება.
"მინდა გაცნობით მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც უკავშირდება ავტოიმპორტიორებისთვის დაწესებულ შეღავათებს.
მოგეხსენებათ, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან 2020 წლის პირველ მაისამდე შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებზე განბაჟების ვადა გადავადებული იყო ამა წლის პირველ მარტამდე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული თარიღი გადავწიოთ პირველ ივნისამდე.
ეს შეღავათი დაახლოებით ავტოსატრანსპორტო საშუალებების 19 000-ს მფლობელს შეეხება. ამ მფლობელებს ასევე ჩამოეწერებათ საურავები და ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს სექტორის განვითარებას და პოსტპანდემიურ პერიოდში დაეხმარება აღნიშნულ სფეროს, რომ სწრაფად აღდგეს და დაუბრუნდეს იმ მაჩვენებელს, რომელიც იყო ბოლო წლებში," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.