აჭარის მთავრობის მეთაურის განცხადებით, ტურისტულ სეზონზე შესაძლოა ქვეყანამ საერთაშორისო ვიზიტორები ისრაელიდანაც მიიღოს.
"მოგეხსენებათ, გუშინ მიღებული გადაწყვეტილებით, საჰაერო მიმოსვლის ნაწილში დაემატა რამდენიმე პარტნიორი ქვეყანა, მათ შორის, მეზობელი ქვეყნებიც. პარალელურად, აქტიურად ვაკვირდებით სხვა ქვეყნებში, ტრადიციულ, ტურისტულ ქვეყნებში არსებულ ვაქცინაციის პროცესს, მათ შორის, ისრაელს, რომელიც საკმაოდ წინ წავიდა ვაქცინაციის მაჩვენებლით. ისრაელი იქნება, ჩვენი გადასახედიდან, ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, საიდანაც ჩვენ შევძლებთ საერთაშორისო ვიზიტორების მიღებას.
თუმცა, ჩვენ ყველას კარგად გვაქვს გათვითცნობიერებული, რომ, მათ შორის, წელსაც ვერ შევძლებთ სრული მასშტაბით ტურიზმის აღდგენას, თუმცა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ აჭარა და ბათუმი უნდა იყოს პირველი, რომელიც შეძლებს ამ ტურისტული პოტენციალის რეალიზებას,"- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
თორნიკე რიჟვაძის თქმით, რეგიონში რეგულაციების აღსრულების პროცესს აქტიურად დააკვირდებიან, რათა ინფექციის ზრდის საფრთხე არ შეიქმნას.