26 აპრილი 2024,   16:17
ვრცლად
სომხეთში პოლიტიკური კრიზისი მწვავდება - ერევნის ქუჩებში ამ წუთებში ათასობით ადამიანია გამოსული

სომხეთში პოლიტიკური კრიზისი მწვავდება. ერევნის ქუჩებში ამ წუთებში ათასობით ადამიანია გამოსული. დემონსტრანტები საპროტესტო აქციების მესამე დღეს პრემიერ ფაშინიანის გადადგომას მოითხოვენ.

ფაშინიანი სიტუაციის განმუხტვას ცდილობს. ის პოლიტიკურ ძალებს მოუწოდებს, შეწყვიტონ დაუმორჩილებლობა და მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდნენ.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ომის წაგების მთავარი მიზეზი სწორედ პრემიერ-მინისტრია. მათი თქმით, ნიკოლ ფაშინიანმა არ გამოიყენა სომხეთის შეიარაღება სათანადოდ. ამასთან ისინი აცხადებენ, რომ ნიკოლ ფაშინიანის მმართველობის პერიოდში გაურკვეველი გახდა თუ ვინ არიან სომხეთის მოკავშირეები და ვინ არა.

სომხეთში პრემიერის გადადგომის მოთხოვნით აქციები მას შემდეგ განახლდა, რაც ნიკოლ ფაშინიანი არ დაეთანხმა მაღალი რანგის ოფიცრების მოთხოვნას გადადგომასთან დაკავშირებით და სამხედრო გადატრიალების მცდელობის შესახებ განაცხადა.

გენერალურმა შტაბმა პრემიერ-მინისტრის გადადგომა მის მიერ გენშტაბის უფროსის მოადგილე ტირან ხაჩატრიანი თანამდებობიდან გათავისუფლების გამო მოითხოვა. თანამდებობიდან გათავისუფლებამდე ხიჩატრიანმა ნიკოლ ფაშინიანი რუსული სარაკეტო კომპლექსის "ისკანდერის" არაეფექტურობასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო გააკრიტიკა.

გენერალურმა შტაბმა პრემიერ-მინისტრის მიერ ხაჩატრიანის გათავისუფლებას უპასუხისმგებლო და ანტისახელმწიფოებრივი უწოდა, მათი შეფასებით ფაშინიანსა და მის მთავრობას აღარ შეუძლიათ ქვეყნის ინტერესების შესაბამისი ადეკვატური გადაწყვეტილებების მიღება და უნდა გადადგეს. გენშტაბს მხარდაჭერა გამოუცხადა ოპოზიციამაც.

დღის ამბები