19 ნოემბერი 2024,   16:23
ვრცლად
ყველაფერი ადვოკატებისკენ იყო მიმართული - თამარ ბაჩალიაშვილის დედის მაგისტრანტი მოსამართლის წინაშე გამოკითხვა დასრულდა

საქალაქო სასამართლოში თამარ ბაჩალიაშვილის დედის მაგისტრანტი მოსამართლის წინაშე გამოკითხვა დასრულდა. საქმე ეხება ფალსიფიკაციის მუხლით დაწყებულ გამოძიებას, ამ შემთხვევაში კითხვები ეხება მარგო შარაშიძის მიერ ოჯახისთვის მიწოდებულ ე.წ. სქრინებს.

"ყველაფერი მიმართული იყო ადვოკატებისკენ... ახლოვდება სტრასბურგი და ბოლომდე მივაწვები ამ საქმეს, არ ჰქონდეს ილუზია არავის, რომ დავიღლები. ისეთი კითხვები იყო, რაზეც პასუხი თვითონვე ჰქონდათ და ჩემი მეხსიერება გადაამოწმეს, თუ რა ქნეს, ვერ გავიგე,"- უთხრა ჟურნალისტებს თამარ ბაჩალიაშვილის დედამ თეონა თამაზაშვილმა. 

მიხეილ რამიშვილის თქმით, საუბარი ყოფით თემებს შეეხებოდა. 

"თეონამ გარკვეულ კითხვებზე პასუხი გასცა, ჰქონდა თუ არა თამარს და მარიამს ურთიერთობა, რამდენად იყო ინფორმირებული მათი მეგობრობის შესახებ, როდის და როგორ მოხდა მათი კომუნიკაცია, ჩასვლა, წამოყვანა და ძალიან ყოფით თემებზე იყო საუბარი,"- აცხადებს თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი.

როგორც თეონა თამაზაშვილის დაკითხვის შემდეგ საქმის პროკურორმა აღნიშნა, პროცესზე ის საკითხები განიხილებოდა, რასაც თავად თამარ ბაჩალიაშვილის დედა მიიჩნევდა საეჭვოდ. 

"ჩვენ მიერ დაისვა ყველა ის მნიშვნელოვანი კითხვა, რაც გამოძიებისთვის არსებითად დასადგენ გარემოებას წარმოადგენს, შესაბამისად, თეონა თამაზაშვილისგან მივიღეთ პასუხი, რომ იყო გარკვეული საეჭვო მონაცემები ამ ფოტოებში, რასაც თვითონ მიიჩნევდა საეჭვოდ და ითხოვდა ამ გარემოებების შესწავლას. თეონა თამაზაშვილის ჩვენებიდან გამომდინარე, ასევე საქმეზე ჩატარებული გამოძიების და მოპოვებული მტკიცებულებების შეფასებით, ჩვენ გაგაცნობთ მოგვიანებით გადაწყვეტილებას ამ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე,"- აცხადებს პროკურორი დავით გუმბერიძე.

დღის ამბები