17 ნოემბერი 2024,   08:58
ვრცლად
"საკუთარი რესურსებით და მხოლოდ საკუთარი ფინანსებით, უცხოური ინვესტიციის გარეშე ეკონომიკას ვერ განვავითარებთ" - ნათია თურნავა

ცაგერში ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. კულტურის ცენტრში შეკრებილების მთავარი პრეტენზია უცხოელ ინვესტორთან გაფორმებულ ხელშეკრულებას ეხებოდა. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, საქართველოსთვის ეკონომიკის განვითარება უცხოური ინვესტიციების გარეშე შეუძლებელია. 

"გაჟღერდა რამდენიმე შეკითხვა, რატომ აშენებს უცხოელი და არ აშენებს სახელმწიფო. ერთის მხრივ, ახლა მე ამ კითხვაში ვხედავ გარკვეული ნაწილის მხრიდანაც იმის გაგებას, რომ ასე საჭიროა. ჩვენ საკუთარი რესურსებითა და მხოლოდ საკუთარი ფინანსებით უცხოური ინვესტიციის გარეშე ეკონომიკას ვერ განვავითარებთ. მგონი, ახლა ამის ბევრი მტკიცება საქართველოში საჭირო არ არის.

რა პერიოდიც ჩვენ ყველამ გავიარეთ, საბჭოთა კავშირის კოლაფსის შემდეგ და ომების პერიოდი, ძალიან ბევრი შეცდომის პერიოდი გავიარეთ... ეს ეკონომიკა რომ განვითარდეს და ევროკავშირის წევრი სახელმწიფო გავხდეთ და ევროპულ დონეზე ავიდეთ, მარტო ჩვენი რესურსით არის შეუძლებელი," - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.

შეხვედრის დამსწრეებმა - იმ მოტივით, რომ კრიტიკულ კითხვებზე მინისტრისგან პასუხი ვერ მიიღეს, დარბაზი დატოვეს. 

დღეს სამუშაო შეხვედრაზე თბილისიდან ცაგერში ის ადამიანებიც ჩავიდნენ, რომლებიც უშუალოდ ჰესის პროექტირებაში იღებდნენ მონაწილეობას.

"წყალსაცავიანი ჰესების მშენებლობას საქართველოში ალტერნატივა არ აქვს. ეს არის გადაუდებელი აუცილებლობა იმისთვის, რომ ჩვენ მაქსიმალურად შევამციროთ ჩვენი დამოკიდებულება ელექტროენერგიის იმპორტზე. იმისათვის, რომ ასეთი სადგურები აშენდეს, ასეთი სულ ორი მდინარეა საქართველოში, სადაც შესაძლებელია წყალსაცავების მოწყობა, ეს არის რიონი და ენგური და მხოლოდ ამ მდინარეებზე არის შესაძლებელი ასეთი სადგურების მოწყობა. ერთ-ერთი მათგანი არის ნამახვანი. პატარა წყალსაცავია, თუმცა მისი როლი ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ მას შეუძლია მთელი ეს ელექტროენერგია ზაფხულის მაგივრად გამოიმუშაოს ზამთარში," - აცხადებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი პაატა ცინცაძე.

დღის ამბები