დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვაქცინებს ანაწილებს. აჭარამ უკვე მიიღო 3 980 დოზა. ვაქცინაციის პროცესი ორშაბათიდან დაიწყება და პირველ ეტაპზე სამედიცინო პერსონალი აიცრება. რეგიონში სულ ცხრა პუნქტი იმუშავებს, აქედან 4 ბათუმში იქნება, 5 კი რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში. სამედიცინო პერსონალმა შესაბამისი გადამზადება გაიარა. ვაქცინის მიღება და დასაწყობება საპატრულო პოლიციის მეთვალყურეობით განხორციელდა.
AstraZeneca-ს ვაქცინა უკვე ჩაიტანეს ფოთშიც. ის ქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრშია დასაწყობებული. 400 დოზა სამედიცინო პერსონალზე გადანაწილდება. ვაქცინაცია ფოთშიც, სავარაუდოდ, ხვალიდან დაიწყება.
ვაქცინა ჩაიტანეს გურიაშიც. რეგიონისთვის 1 100 ვაქცინა გამოიყო. აქედან ოზურგეთში - 600, ლანჩხუთში - 300, ჩოხატაურში - 200 ვაქცინა შეიტანეს. პროცესი ოზურგეთში ორშაბათიდან, ხოლო ჩოხატაურსა და ლანჩხუთში ოთხშაბათიდან დაიწყება. აიცრებიან სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე პირები.