03 მაისი 2024,   10:48
ვრცლად
გულის ოპერაცია გაიკეთა და ჩივილები აქვს პოტენციურ უნარებთან დაკავშირებით - გოგი წულაიას ადვოკატი ძალადობას უარყოფს

გოგი წულაია დუმს - ის არ თანამშრომლობს გამოძიებასთან ძალადობის იმ ეპიზოდზე, რის გამოც გუშინ თბილისში ნაქირავები ბინიდან წინასწარი დაკავების იზოლატორში მოხვდა. ადასტურებს, რომ კონფლიქტი მეგობარ ქალთან ჰქონდა, თუმცა სხვა დეტალებს არ ასაჯაროებს. თუმცა, პოლიციას უკვე აქვს დაზარალებულის ჩვენება. ახალგაზრდა ქალმა პოლიციის განყოფილება რამდენიმე წუთის წინ დატოვა. 

"სამი უნდა ვყოფილიყავით და ერთი ადამიანი საერთოდ გაგვიქრა მომენტალურად. 21:00 საათი სრულდებოდა, ვერსად წავიდოდი, დალია, ვერ მოზომა, ძალადობას და თავისი ჟინის მოკვლას ცდილობდა. ძალიან შეურაცხყოფილი და გულნატკენი ვარ. მოძალადე ყველა ადამიანი უნდა დაისაჯოს, რომ ჩემი გზის გავლა არ მოუწოს სხვა ქალებს. ამ გზის გავლა საშინელებაა,"- ამბობს დაზარალებული ქალი. 

გოგი წულაიას ინტერესებს ადვოკატი ვალერი გელბახიანი იცავს. უფლებადამცველი "კურიერთან" სატელეფონო საუბარში გოგი წულაიას მხრიდან ქალზე ძალადობას, მით უმეტეს, სექსუალურს, კატეგორიულად უარყოფს. 

"ადამიანს რამდენიმე თვის წინ უმძიმესი, გულის შუნტირების ოპერაცია აქვს გაკეთებული და ჩივილები აქვს პოტენციურ უნარებთან დაკავშირებით და ეს ექსპერტიზითაც დადასტურდება. გამოგონილი ბრალდებაა. სილურჯე თუ აქვს, ეს შეიძლება მიჯახებითაც მიიღოს ადამიანმა, ამიტომ, დანაშაულის ჩადენას მტკიცებულებები სჭირდება,"- აცხადებს ვალერი გელბახიანი.

პოლიტიკოსი გოგი წულაია, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნაქირავებ ბინაში ქალზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები