ალერგოლოგ-იმუნოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, ანაფილაქსიური რეაქცია, რომელიც, სავარაუდოდ, ახალციხის "იმედის კლინიკაში" 27 წლის ექთანს ვაქცინაციის შემდგომ განუვითარდა, შესაძლოა ლიდოკაინის, ნოვოკაინის ან ანტიბიოტიკის მოხმარებასაც მოჰყვეს.
მისი თქმით, ეს არის გავრცელებული რეაქცია, მაგრამ, ამის მიუხედავად, მედიცინა ამ მედიკამენტების გამოყენებაზე უარს ვერ იტყვის.
"ეს არის ცნობილი რეაქციები, რომლისგანაც არავინაა დაზღვეული. საქართველოში რამდენიმე ათეული რეაქცია ანაფილაქსიის, იგივე ლიდოკაინზე და ნოვოკაინზე, სრულიად მარტივ წამლებზეც კი ვითარდება, აღარ ვამბობ ანტიბიოტიკებზე. შესაბამისად, ამ წამლების გამოყენებაზე მედიცინა უარს ვერ იტყვის,"-აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი.
შეგახსენებთ, რომ ვაქცინაციის პროცესებთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტროში ჯანდაცვის ექსპერტებისა და მედიკოსების შეხვედრა გაიმართა. სპეციალისტების შეფასებით, იმის თქმის საფუძველი, რომ AstraZeneca-ს ვაქცინა საფრთხის შემცველია და მისი გამოყენება უნდა შეწყდეს, არ არსებობს.
ამასთან, გვერდითი რეაქციების და გამოვლენილი გართულებების მიუხედავად ევროკავშირის მარეგულირებელმა AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხოდ და ეფექტურად მიიჩნია. 30 დღიანი დაკვირვების შემდეგ, ევროპის წამლის სააგენტომ AstraZeneca-ს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებით, საბოლოო დასკვნა გუშინ დადო. დოკუმენტში წერია, რომ ვაქცინის გამოყენება თრომბოემბოლიას არ უკავშირდება და სარგებელი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში მის შესაძლო რისკებს აღემატება.