რა გახდა 27 წლის ექთნის მდგომარეობის უკიდურესად დამძიმების და მისი გარდაცვალების მიზეზი - საზოგადოება კითხვებზე პასუხებს ამ დრომდე ელოდება.
ადვოკატები "კურიერთან" აცხადებენ, რომ მათი ინფორმაციით, რეანიმატოლოგი გიორგი აფციაური ადგილზე 32 წუთის შემდეგ მივიდა.
დაცვის მხარის ინფორმაციით, ეს გარემოება იკვეთება საქმეში არსებული მასალებიდან, თუმცა მათ სრულყოფილად წვდომა საბუთებთან ამ დრომდე არ აქვთ. იურისტების განცხადებით, მათ არ მიუღიათ დაკითხვის ოქმები და საქმის სხვა მასალები.
ამ ეტაპზე მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებულ გარემოებებს 3 უწყება ერთმანეთისგან დამოუკიდებლად იკვლევს. სამხარაული სწავლობს სიკვდილის მიზეზებს, რეგულირება სამედიცინო მომსახურების ხარისხს, დაავადებათა კონტროლი კი იკვლევს, ჰქონდა თუ არა ქალს გადატანილი კორონავირუსი.
ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს ერთ-ერთ წინასწარ ვერსიაზე, რომ შესაძლოა ვაქცინა არ დასახელდეს უბედური შემთხვევის პირდაპირ გამომწვევ მიზეზად. ამ მოსაზრებაზე ჯანდაცვის მინისტრმა 2 დღის წინ ისაუბრა.
ექთნის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიების დაწყებისთანავე ოჯახი მიმდინარე პროცესებს ნდობას უცხადებდა, თუმცა დღეს მეგი ბაქრაძის ბიძა, ტარიელ ბაქრაძე "კურიერთან" აცხადებს, რომ საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნების გაუჩნდა. იგი ამბობს, რომ გამოძიების ყურადღება გადატანილია არა მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე, არამედ უშუალოდ მის მეუღლეზე მანუჩარ კობახიძეზე.
"ჩანს, რომ ეს გამოძიება არ მიდის იმ მიმართულებით, როგორც უნდა წავიდეს. გამოძიება უფრო მეტად იმით არის დაინტერესებული, რომ მეუღლის დანაშაული გამოავლინონ და დასაჯონ და თვითონ მეგის საქმეზე უფრო ზერელედ მუშაობენ და არც გვაწვდიან ჩვენ რაიმე ინფორმაციას არც ჩვენ და არც ადვოკატებს," - განაცხადა გარდაცვლილი ექთნის ბიძამ.