19 ნოემბერი 2024,   16:37
ვრცლად
თუ მე დამნაშავე ვარ, არსად გავრბივარ, თავის გამართლებას არ ვაპირებ - გარდაცვლილი ექთნის რეანიმატოლოგი

რას პასუხობს ახალციხის კლინიკა "იმედის" რეანიმატოლოგი გარდაცვლილი ექთნის ოჯახის ადვოკატების განცხადებებზე - მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატებმა დღეს განაცხადეს, რომ მათი ინფორმაციით, რეანიმატოლოგი გიორგი აფციაური ადგილზე 32 წუთის შემდეგ მივიდა.

"კურიერთან" ინტერვიუში ახალციხის კლინიკა "იმედის" რეანიმატოლოგი გიორგი აფციაური აცხადებს, რომ კლინიკაში მისვლის წუთიდან ყველა მის საქციელზე პასუხს აგებს. მისივე განცხადებით, არც ერთ ექიმს არ სურს, რომ მისი პაციენტი დაიღუპოს.

"მე რა დღეები გამოვიარე, ამას ვერ აღგიწერთ თუ თქვენ იქ არ იყავით და არ ნახეთ. არავის, არც ერთ ექიმს არ აქვს სურვილი, რომ პაციენტი დაეღუპოს.

თუ მე დამნაშავე ვარ, არსად არ გავრბივარ, თავის გამართლებას არ ვაპირებ, მაგრამ პასუხისმგებლობას არ გავურბივარ, ვაგებ პასუხს აბსოლუტურად ყველაფერზე.

ჩემი მისვლის წუთიდან იქ, ბოლომდე, სანამ გადავიყვანეთ, ჩავიყვანეთ, ყველა ჩემს საქციელზე, ქმედებაზე, სიტყვაზე ვაგებ პასუხს. დანარჩენი კითხეთ უკვე გამოძიებას რა და როგორ იყო," - განაცხადა გიორგი აფციაურმა.

ამ ეტაპზე მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებულ გარემოებებს 3 უწყება ერთმანეთისგან დამოუკიდებლად იკვლევს. სამხარაული სწავლობს სიკვდილის მიზეზებს, რეგულირება სამედიცინო მომსახურების ხარისხს, დაავადებათა კონტროლი კი იკვლევს, ჰქონდა თუ არა ქალს გადატანილი კორონავირუსი.

ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს ერთ-ერთ წინასწარ ვერსიაზე, რომ შესაძლოა ვაქცინა არ დასახელდეს უბედური შემთხვევის პირდაპირ გამომწვევ მიზეზად. ამ მოსაზრებაზე ჯანდაცვის მინისტრმა 2 დღის წინ ისაუბრა.

დღის ამბები