19 ნოემბერი 2024,   16:40
ვრცლად
რა შეტყობინება ინახება გარდაცვლილი ექთნის ტელეფონში - მეგი ბაქრაძის ადვოკატები ახალ გარემოებებზე საუბრობენ

გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახი ექსპერტიზის დასკვნას ელოდება. სულ მალე ცნობილი უნდა გახდეს რეგულირების სააგენტოს პირველადი მოკვლევის შედეგებიც, რომელმაც უნდა დაადგინოს, გაეწია თუ არა მეგი ბაქრაძეს სათანადო სამედიცინო დახმარება.

პარალელურად, ადვოკატები და დაღუპული ქალის ოჯახი ახალ ვერსიებზე საუბრობენ და იმაზე მეტი კითხვა აქვთ, ვიდრე პირველ ეტაპზე.

ბაქრაძის ოჯახის ადვოკატები ახალ გარემოებებზეც საუბრობენ. მათ გარდაცვლილი ექთნის ტელეფონი წარმოადგინეს და აღნიშნეს, რომ ის გამოძიებას ამ დრომდე არ ამოუღია.

ადვოკატების მტკიცებით, ტელეფონში მნიშვნელოვანი ინფორმაცია ინახება.

"მინდა გავაჟღერო ახალი ფაქტის, ახალი მტკიცებულების არსებობის შესახებ. ეს არის მეგის პირადი ტელეფონი, რომელიც გამოძიებას დღემდე არ ამოუღია. ამ ტელეფონში არსებობს კომუნიკაცია, ამ კომუნიკაციის ფარგლებში, გარკვეული პირები აცხადებენ, რომ ფლობენ ზუსტ ინფორმაციას, რატომ გარდაიცვალა მეგი და რა მოხდა რეალურად.

ამ ტელეფონს დღეს გადავცემთ გამოძიებას. გამოძიებამ უნდა შეისწავლოს ტელეფონიც, უნდა გამოკითხოს მოწმეებიც და დაადგინოს, საბოლოო ჯამში, რა მოხდა ზუსტად, მათ შორის - ძალიან ბევრი მესიჯი არის წაშლილი და შემდეგ არის მიწერილი, "ჩვენ ხომ მაინც ვიცით, რეალურად, რა მოხდა." მესიჯების შინაარსი მოიაზრებს იმას, რომ გარკვეული ინფორმაცია, რომელიც ჩვენთვის და გამოძიებისთვის არ არის ხელმისაწვდომი და არსებობს, ჩვენ ვერ გამოვკითხავთ ამ მოწმეებს, ეს უნდა განახორციელოს გამოძიებამ," - განაცხადა მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატმა ვახტანგ ბარამაშვილმა.

დღის ამბები