19 ნოემბერი 2024,   16:37
ვრცლად
“ნელი აღელვებული იყო და ტიროდა“ - რას ყვება პოლიციელი, რომელმაც ნეკა დოროყაშვილი გამოკითხა

"ნელი იყო აღლევებული, ტიროდა. კითხვაზე უპასუხა, რომ განხორციელდა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა ყოფილი მამამთილის მხრიდან. ქმარმა შეაჯანჯღარა და შეაჩერა შეკავების მიზნით“, - ამ შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა პოლიციელმა ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე.  

ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის პროცესზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს სწორედ ის პოლიციელი დაიკითხა, ვინც 2020 წლის 21 მაისს შემთხვევის ადგილზე პირველი მივიდა და დაზარალებული ნეკა დოროყაშვილი გამოკითხა. 

ბრალდებულის ადვოკატი თეონა გვაზავა "რუსთავი2-თან" საუბრისას პოლიციელის ჩვენების დეტალებზე საუბრობს და ასევე, ხაზს უსვამს დღეს დაკითხული კიდევ ერთი მოწმის - სასწრაფოს ექიმის მიერ სასამართლოსთვის მიწოდებულ ინფორმაციას.  

"დიახ, სასამართლოში დაკითხვისას პოლიციელმა თქვა, რომ ნელი იყო აღელვებული, ტიროდა. მოწმის ჩვენებით, მის კითხვებზე ნელიმ უპასუხა, რომ განხორცილდა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მამამთილის მხრიდან. ქმარმა შეაჯანჯღარა და შეაჩერა შეკავების მიზნით, თუმცა პოლიციელის ეს ჩვენება წინააღმდეგობაში მოდის სასწრაფოს ექიმის ჩვენებასთან, რომელმაც პირველად ნახა ნელი. 
სასწრაფოს ექიმი პირდაპირ ამბობს, როდესაც ნელი ვნახე, იყო აღელვებული, მას ვთხოვე მოეყოლა ჩვენთვის, რატომ იყო ასეთ მდგომარეობაშიო. დაიწყო მოყოლა, რომ იყო ცნობილი პიროვნების ცოლი, იყო ქმართან განქორწინებული, იყო ბავშვის ნახვის საათები, ყველაფერზე ილაპარაკა, გარდა ფიზიკური ძალადობისა.

ხელზე დაზიანებასთან დაკავშირებით ექიმმა თქვა ცალსახად - ხელზე აღენიშნებოდა უმნიშვნელო დაზიანება, ესკორაცია, რაც გამოიხატებოდა კანის აქერცლაში. ეს არ იყო სისხლნაჟღენთი. მოკლემკლავიანი მაისური ეცვა. ექიმის კითხვაზე ნელიმ უპასუხა, რომ არ იცის, სად მიიღო ეს დაზიანება ხელზე, ან მიიღო თუ არა ვინმესგან. ცალსახად იკვეთება, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს არ დაურტყამს“, - ამბობს ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი.

ამავე თემაზე
დღის ამბები