ერთ საათში იუსტიციის საბჭო სხდომას გამართავს - საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ სხდომის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება გუშინ მოულოდნელად აცნობეს, როცა წესით წევრებისთვის ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ უნდა მიეწოდებინათ.
განიხილება მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით ახალი კონკურსის გამოცხადება და განცხადებების მიღება.
"დაახლოებით 4 წელია მე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ვარ და ვესწრებოდი დაახლოებით 160 სხდომას. აქედან არც ერთი სხდომა არ იყო მოწვეული კანონის მოთხოვნათა დაცვით, ანუ 3 სამუშაო დღით ადრე სხდომა არასდროს არ გამოცხადებულა წინასწარ და მით უმეტეს, დღის წესრიგი საზოგადოებისთვის არ ყოფილა ცნობილი.
რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს კანდიდატურების შერჩევის საკითხს, პარლამენტმა ფაქტობრივად გზაში დაგვაწია, ანუ კონკურსი გამოცხადდა ოქტომბერში. გასაუბრება დიდ უმრავლესობაზე არის უკვე ჩატარებული და მიუხედავად ამისა, პარლამენტმა გადაწყვიტა, რომ ეს პროცესი უნდა გაჩეხოს შუაში იმ კუთხით, რომ დამატებითი განაცხადები უნდა მივიღოთ ჩვენს სხვა კანდიდატებისა. ერთადერთი ეჭვი, რაც ამ შემთხვევაში ჩნდება არის ის, რომ ალბათ გამორჩათ ვიღაც," - აცხადებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ნაზი ჯანეზაშვილი.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებს, ჯერჯერობით, დღეს ჩანიშნული სხდომის შესახებ განცხადებები არ გაუკეთებიათ, თუმცა საკითხთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთეს საქართველოს პარლამენტში, სადაც 3 დღის წინ დეპუტატებმა უმრავლესობით დაამტკიცეს საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები. ეს კანონი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისთვის წარდგენის პროცედურებს და ამ პროცედურებში გარკვეულ ცვლილებებს ითვალისწინებს. როგორც მმართველ პარტიაში აცხადებენ ეს ცვლილებები ხელს შეუწყობს ზოგადად სასამართლოში პროცესების გაჯანსაღებას და აღსანიშნავია ასევე, რომ "ქართული ოცნების" წევრების განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცედურებთან დაკავშირებით მათ დამატებითი კითხვები არ აქვთ.
"ქალბატონი ჯანეზაშვილი არის ამ საბჭოს წევრი. თუ რაიმე სახის კანონდარღვევას აქვს ადგილი, ამ საბჭოს წევრი არის და თუ მას აქვს შესაძლებლობა და სათანადოდ უნდა მიმართოს, მას აქვს შესაძლებლობა წერილობით იქნება თუ სხვა ფორმით დააყენოს ეს საკითხი და ალბათ საბჭო გასცემს ამაზე პასუხს. ჩვენი როლი იყო ის, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა და შენიშვნები სრულად ყოფილიყო წარმოდგენილი და გაზიარებული, რაც პარლამენტმა დიახაც მოახდინა და დღეს უკვე კანონი გვაქვს, რომლითაც კიდევ უფრო გამჭვირვალე და ღია ხდება აღნიშნული კონკურსის და მათ შორის კანდიდატების ნომინირება და შემდეგ უკვე წარდგენა," - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა.