დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანა კორონავირუსის მესამე ტალღის დაწყების წინაშეა, ამიტომ მოსახლეობას რეგულაციების მკაცრად დაცვისკენ მოუწოდებს.
ამირან გამყრელიძე მოუწოდებს საზოგადოებას - ატარონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია და თავი შეიკავონ დიდი თავყრილობებისგან.
"ისევ ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპის წინაშე ვდგავართ. თუ მესამე ტალღა დაიწყო, ქვეყანაში სერიოზული დაზიანება გვექნება, სერიოზული დაზიანებით გამოვალთ ამ მესამე ტალღიდან. ყველას გვახსოვს ნოემბერი-დეკემბერი. იმას ვგულისხმობ, რომ როდესაც მეტია შემთხვევა, შესაბამისად, მეტია მძიმე მიმდინარეობა, მეტი ჰოსპიტალიზაცია, მეტი რეანიმაცია და, სამწუხაროდ, მეტი სიკვდილიანობა.
ჩვენ დღეს სიკვდილიანობა 5-6-ჯერ შევამცირეთ, ნოემბერ-დეკემბერთან შედარებით, მაგრამ ყოველდღიურად მაინც გვაქვს 10-მდე შემთხვევა. პატარა საქართველოსთვის ყოველდღიურად 10-მდე შემთხვევა მძიმეა, ამიტომ, ეს ყველამ უნდა გავითავისოთ, დიდი სოლიდარობაა საჭირო ახლა ყველაფერში.
რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის თითოეულმა: პირბადე უნდა ვატაროთ ყველგან, დახურულ თუ ღია შენობაში - ყველგან, ვინც ერთჯერადად აიცრა - მათაც; მეორე - 2 მეტრიანი დისტანცია; მესამე - სანიტარული წესების დაცვა და ჰიგიენა; მეოთხე, რაც მთავარია - ყველა იმ კლასტერის, რაც დღეს საქართველოში გვაქვს, ინიცირება მოხდა დიდი თავყრილობებიდან: ქორწილი, ქელეხი და ა.შ. ხომ შეიძლება შევთანხმდეთ საზოგადოება, რომ რთულ პერიოდში ვართ და ცოტა ხანს თავი შევიკავოთ. დაბადების დღე აღვნიშნოთ ოჯახში, 3-5 კაცი, ქორწილი ძალიან კარგია, ბევრი იყოს ქვეყანაში, მაგრამ მოკრძალებულად აღვნიშნოთ ეს ყველაფერი, იმიტომ, რომ რისკი დიდია; მეხუთე - ვაქცინაციის ინტენსივობა. ამ ხუთი მდგენელით ჩვენ შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ მესამე ტალღა და ძლიერი შეზღუდვების ალბათობა,"-განაცხადა ამირან გამყრელიძემ "დღის კურიერის" ეთერში.
ამირან გამყრელიძის თქმით, ყველა ნიშანია იმისა, რომ ქვეყანაში სერიოზული შიდა გავრცელებაა დაწყებული.
"მესამე ტალღის დაწყების ეტაპზე ვართ. 10 კლასტერია უკვე სხვადასხვა რეგიონში, რეალურად, შეიძლება მეტი იყოს, ჰოსპიტლები იტვირთება, 100 000 მოსახლეზე გავრცელების მაჩვენებელი, რეპროდუქციის ინდექსი, ბოლო 7 დღის დადებითობის მაჩვენებელი იზრდება. დღევანდელი დადებითობის მაჩვენებელი ყველაზე დიდია ამ ბოლო 2 თვის განმავლობაში. ეს ყველაფერი იმის ნიშანია, რომ სერიოზული შიდა გავრცელებაა დაწყებული,"-აცხადებს გამყრელიძე.