26 აპრილი 2024,   12:04
ვრცლად
ხაბაროვსკის ოლქის ყოფილი გუბერნატორი, რომლის დაპატიმრებასაც რუსეთში რამდენიმე თვე აპროტესტებდნენ, ციხეში კორონავირუსით დაინფიცირდა

ხაბაროვსკის ოლქის ყოფილი გუბერნატორი სერგეი ფურგალი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კორონავირუსით დაინფიცირდა. ინფორმაციას ამის შესახებ მის ადვოკატზე დაყრდნობით რუსული მედია ავრცელებს.

სერგეი ფურგალის უფლებადამცველი სასამართლოსგან აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ითხოვს, რადგან  ადრე სერგეი ფურგალს გაცხადებული აქვს, რომ ავადმყოფობის შემთხვევაში მას ფილტვებთან დაკავშირებული პრობლემები ექნებოდა. ადვოკატის თქმით, ამ ეტაპზე ფურგალი იზოლირებულია და 2 კვირის განმავლობაში ექიმების დაკვირვეის ქვეშ იქნება

ხაბაროვსკის ოლქის ყოფილი გუბერნატორი, რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის წევრი, 50 წლის სერგეი ფურგალი, სამართალდამცველებმა 9 ივლისს დააკავეს. ფურგალი ეჭვმიტანილია მკვლელობის მცდელობასა და 2004-2005 წლებში ორი მკვლელობის შეკვეთაში. მისი დაკავება რუსეთში რამდენიმეთვიანი პროტესტის მიზეზი გახდა. ქვეყნის აღმოსავლეთის რეგიონებში გამართულ აქციებს ათობით ათასი ადამიანი შეუერთდა.

დემონსტრანტები ვლადიმერ პუტინის პოლიტიკას აკრიტიკებდნენ და სერგეი ფურგალის გათავისუფლებას მოითხოვდნენ. თავად ფურგალიც და მისი მხარდამჭერი მომიტინგეებიც მიიჩნევდნენ, რომ გუბერნატორის დაკავებას პოლიტიკური მოტივი აქვს. რუსეთის ოპოზიცია თვლის, რომ ფურგალი საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრის დროს ადგილობრივი ამომრჩევლების დაბალ აქტივობას შეეწირა ამასთან მან თავის დროზე არჩევნებში კრემლის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი დაამარცხა.

დღის ამბები