09 ოქტომბერი 2024,   20:23
ვრცლად
უკრაინის არჩევნებზე პრეზიდენტს ელოდებიან

უკრაინის პრეზიდენტი ქვეყანაში მიმდინარე ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე ხმას რამდენიმე წუთში მისცემს.

პოროშენკო აცხადებს, რომ ეს იქნება არჩევანი დემოკრატიული და პროევროპული პარლამენტის სასარგებლოდ.

როგორც ცნობილია უკრაინის პრეზიდენტი არჩევნების დასრულების შემდეგ პარლამენტში კოალიციის შექმნას აპირებს. პოროშენკოს ბლოკი არჩევნებში ლიდერობს. მისი პარტიის საარჩევნო სიის სათავეში კიევის მერი, ვიტალი კლიჩკოა.

კანონის თანახმად, რადა 450 დეპუტატისგან უნდა დაკომპლექტდეს, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ უკრაინის ანექსირებულ ნაწილში არჩევნები არ ტარდება, მოსახლეობა 424 დეპუტატს აირჩევს.  

ქვეყანაში მიმდინარე ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს 2 ათასამდე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის დამკვირვებლები აკვირდებიან. ამ პროცესში მონაწილეობენ ქართველი პოლიტიკოსებიც.  

დავით საგანელიძე აცხადებს, რომ უკრაინაში არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდება. მისი თქმით, დღევანდელი მონაცემებით მხარდაჭერის ყველაზე მაღალი პროცენტი საპრეზიდენტო პარტიას აქვს. ბოლო ხანებში ასევე გააქტიურებულია ე.წ. რადიკალური ფრთა.

არჩევნები ამ დროისთვის მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, თუმცა პერმანენტულად ვრცელდება ინფორმაცია მოსალოდნელი ტერაქტების შესახებს. არსენ იაცენუკმა უკვე გააკეთა განცხადება და მოსახლეობას მოუწოდა, რომ განსაკუთრებით დიდ ქალაქებში და ხალხმრავალ ადგილებში  ყურადღებით იყვნენ.

გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობენ სამართალდამცავები. წესრიგს ქვეყანაში  60 ათასამდე პოლიციელი ეროვნულ გვარდიასთან ერთად იცავს.  

რამდენიმე წუთში ეგზიტპოლების პირველი შედეგები გამოქვეყნდება. ამ პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციები არიან ჩართული.

საარჩევნო უბნები კიევში საღამოს რვა საათზე დაიხურება. არჩევნების პირველად შედეგებს კი ცენტრალური საარჩევნო კომისია ერთ კვირაში გამოაქვეყნებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები