ქვეყანაში გაუარესებულ ეპიდვითარებაზე საუბრობს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე. ის აცხადებს, რომ საჭიროა მეტი კონტროლი როგორც მოსახლეობის, ასევე ზედამხედველობის სამსახურების მხრიდან, რათა არ განმეორდეს ის სცენარი, რაც ქვეყანაში ნოემბერ-დეკემბერში იყო.
"ქვეყანაში ეპიდსიტუაცია გაუარესებულია. იცით, რომ პროგნოზირებადი იყო, რომ გაუარესდებოდა, მაგრამ ჩვენ სულ ვცდილობთ, რომ მოვუწოდოთ მოსახლეობას, ზედამხედველობის სამსახურებს, რომ მეტი კონტროლი იყოს, მეტი მონიტორინგი იყოს, იმიტომ, რომ არ გვინდა, რომ ისევ გავიმეოროთ ნოემბერ-დეკემბერი.
გადავდივართ საყოველთაო გავრცელებაზე. დღეს ყველა რეგიონში ჩვენ გვაქვს ინციდენტობის მაჩვენებელი საკმაოდ მომატებული. პირველ ადგილზეა თბილისი, შემდეგ მოდის სამეგრელო-ზემო სვანეთი, შემდეგ უკვე აჭარა და იმერეთი და დანარჩენი რეგიონები.
უნდა გამკაცრდეს უკიდურესად აღსრულება იმ შეზღუდვების, რაც დღეს დაწესებულია. ეს არის ორი მთავარი შეზღუდვა - ეს გახლავთ ღამის კარანტინი და მეორე გახლავთ შაბათ-კვირის რესტორნების შეჩერება და ამ დიდი თავშეყრების პრევენცია," - აცხადებს ამირან გამყრელიძე.