საზოგადოებრივი მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" დამფუძნებელი ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავასთან დიალოგის სივრცე აღარ არსებობს, რადგან მან შეხვედრის დატოვებით ხალხს შეურაცხყოფა მიაყენა.
თუმცა, გოლეთიანი ასევე აღნიშნავს, რომ აქციის მონაწილეები მზად არიან მოლაპარაკება გამართონ ეკონომიკის მინისტრზე ზემდგომ პასუხისმგებელ პირთან სახელისუფლებო გუნდიდან.
"ჩვენთვის ბრძოლის ხაზი ამ წუთებში სოფელ გუმათში გადის, იმიტომ, რომ ვითხოვთ კანონიერ და სამართლიან უფლებას, რომ გადავადგილდეთ და მშვიდობიანი პროტესტის გაგრძელების საშუალება მოგვეცეს. რა თქმა უნდა, არც დიალოგის წინააღმდეგი არ ვართ, რადგან დიალოგი, როგორც მინისტრმა აღნიშნა, ჩვენც შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ უნდა იყოს დიალოგი დიალოგისთვის და შეხვედრა შეხვედრისთვის.
ამ შემთხვევაში, ქალბატონ ნათია თურნავასთან სივრცე დიალოგისთვის არ არსებობს ჩვენი მხრიდან, იმიტომ, რომ შეურაცხყოფა მიაყენა ათასობით ადამიანს თავისივე საქციელით, როდესაც შეხვედრიდან გაიპარა, მაგრამ თუკი სახელისუფლებო წრეებიდან მასზე ზემდგომი, სხვა გადაწყვეტილების მიმღები ხალხი და პასუხისმგებელი პირები ჩათვლიან საჭიროდ, რომ ჩვენთან კომუნიკაცია უნდა იქონიონ, შეუძლიათ იქონიონ, პრობლემა არ გვაქვს, მოვიდნენ, დაგვისვან კითხვები, აბსოლუტურად მშვიდ, კონსტრუქციულ გარემოს უზრუნველვყოფთ და შეგვიძლია ყველა კითხვა დავსვათ, რაზეც ჩვენ გვინდა, რომ პასუხი მივიღოთ. თუ თვლიან, რომ აქვთ ამ კითხვაზე პასუხები, შეუძლიათ მოვიდნენ. ეს პრობლემა არ არის, მაგრამ არ უნდა მოვიდეს აქ მერაბ ლომინაძე. აქვე მინდა მკაფიოდ ვთქვა, მერაბ ლომინაძე არ არის პერსონა, რომელიც არის ადრესატი ჩვენი კითხვების, მას არ გააჩნია არანაირი კომპეტენცია იმ ნაწილში, რა ნაწილშიც ჩვენ კითხვებს ვსვამთ. უბრალოდ, კომპეტენციურად არ ეხება ეს საკითხები და რაზე უნდა ვესაუბროთ," - ამბობს ვარლამ გოლეთიანი.