19 ნოემბერი 2024,   18:49
ვრცლად
აქცია-მსვლელობა რიონის ხეობაში - კომპანია "ენკას" ოფისთან აქტივისტებმა ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს

აქცია-მსვლელობა რიონის ხეობაში - სოფელ გუმათის ტერიტორიაზე კომპანია "ენკას" ერთ-ერთი ოფისის ტერიტორიაზე აქტივისტებმა გზა გადაკეტეს და ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს.

ადგილზე რჩებიან აქციის მონაწილეები და სამართალდამცავები. ასევე, უცვლელია გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა. აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ მათ თავისუფალი მოძრაობის შესაძლებლობა მიეცეთ.

აქტივისტებმა პოლიციას მიმართეს კითხვით, თუ რატომ არ შეიძლება მათი მშვიდობიანი გადაადგილება ზედა მიმართულებით. რაზეც პოლიციის წარმომადგენლის პასუხი იყო, რომ მიმდინარეობს დაკარგული ნიკოლოზ ანთიძის ძებნის ოპერაცია და პოლიციას აქტივისტების გადაადგილების გამო ვეღარ უზრუნველყოფდა წესრიგის სათანადოდ დაცვას:

"მიმდინარეობს ნიკოლოზ ანთიძის ძებნა.ხეობაში არსებული ამჟამინდელი ვითარებიდან გამომდინარე პოლიცია ვერ უზრუნველყოფს იქ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას. გამოხატვის თავისუფლებას რა თქმა უნდა არ ვზღუდავთ და პოლიცია არის ამ მიმართულებით მოწოდების სიმაღლეზე. თქვენ შეგიძლიათ აქ გააგრძელოთ მშვიდონიანი პროტესტი,"- განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა.

საზოგადოებრივი მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" დამფუძნებელი ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ ისინი დიალოგის პროცესში იმისთვის მონაწილეობენ, რომ საზოგადოებამ დაინახოს, თუ რამდენად უკანონოა მეორე მხარის ქმედებები:

"ეს როგორც ჩვენი ეკონომიკის მინისტრი იტყვის არის პასუხი პასუხისთვის. განა არ ვიცით რას გვეტყვიან, უბრალოდ ამ დიალოგს აზრი იმისთვის აქვს ჩვენთვის რომ საზოგადოებამ შეხედოს, რამდენად უკანონოა მათი მოქმედება,"- განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

შეგახსენებთ, უკვე რამდენიმე თვეა აქტივისტები ნამახვანჰესის მშენებლობას აპროტესტებენ და ამ პროექტის განხორციელებას რეგიონისთვის საფრთხის შემცველად მიიჩნევენ.

აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია. ისინი ხელისუფლებისგან თურქულ კომპანია "ენკასთან" გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმებას, თავად თურქული კომპანიისგან კი რიონის ხეობიდან გასვლას ითხოვენ.

დღის ამბები