პიკი, რომელსაც აპრილის ბოლოსა და მაისის პირველ ორ კვირაში ელოდებიან, არ იქნება ისეთი დრამატული, როგორიც ნოემბერსა და დეკემბერში იყო, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა.
ამირან გამყრელიძის თქმით, ეს მოლოდინი რამდენიმე ფაქტორს ემყარება - მოსახლეობის ნაწილს უკვე გადატანილი აქვს ინფექცია, ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსი 299 ათას ადამიანს დაუდგინდა, თუმცა, სპეციალისტები ანგარიშობენ, რომ რეალურად ინფიცირებული იყო ორჯერ მეტი. ამ მოქალაქეების დიდ ნაწილს უკვე აქვს იმუნიტეტი დაავადების მიმართ, თუმცა, ამირან გამყრელიძის განმარტებით, ეს არ არის საკმარისი ე.წ. საზოგადოებრივი იმუნიტეტისთვის.
ამასთან, საზოგადოების მცირე ნაწილს ჩატარებული აქვს ვაქცინაციაც, რაც მათ ვირუსისგან იცავს.
კიდევ ერთი ფაქტორი, რაც შედარებით მსუბუქი პიკის მოლოდინს იძლევა, არის ის, რომ ნოემბერ-დეკემბერში ქვეყანა იყო აღმავალ ტალღაზე ცივ პერიოდში - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ზამთარი რესპირატორული ვირუსებისთვის კომფორტული პერიოდია, ახლა კი ქვეყანაში დათბა და ვარაუდობენ, რომ მზის სხივი ვირუსზე დამთრგუნველად იმოქმედებს.