ნამახვანჰესის გარემოზე ზემოქმედების საკითხს ევროკავშირის წარმომადგენელი და საერთაშორისო ექსპერტი შეისწავლის.
მთავრობამ ნამახვანჰესთან დაკავშირებით რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო. მათ შორის, პროექტზე კაშხლის მშენებლობაზე გამოცხადდა მორატორიუმი 9-12 თვის ვადით.
ასევე პრემიერ-მინისტრის დავალებით, კომპანია "ენკასთან" დადებული ხელშეკრულების შესწავლა დაევალა იუსტიციის სამინისტროს. ამასთანავე, იუსტიციის სამინისტრო იქირავებს საერთაშორისო იურიდიულ კომპანიას, რომელიც შეისწავლის კონტრაქტის პირობების საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობას.
მთავრობა ასევე გააგრძელებს ხელშეკრულების პირობების დაზუსტებას კომპანია "ენკასთან", პროექტის სრულყოფის მიზნით კი, უახლოეს მომავალში, მთავრობა კომპანიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრებს გამართავს.
საქართველოს მთავრობის განცხადების თანახმად, "ნამახვანჰესის" მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიცია მოხსნის დამატებით ბარიერებს და შეამცირებს ადგილზე მყოფი სამართალდამცველების რაოდენობას.
კომპანია ამ ეტაპზე გააგრძელებს მხოლოდ პროექტის პირველი ეტაპის მოსამზადებელ სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მიმართულებით, მოქმედი სამშენებლო ნებართვის ფარგლებში.
საქართველოს მთავრობა საპროტესტო აქციის მონაწილეებს და ყველა დაინტერესებულ პირს უდასტურებს მზაობას, პროცესი გაგრძელდეს დიალოგის ფორმატში. ასევე მათ, პოლიციასთან კოორდინაციით, კანონის ფარგლებში პროტესტის თავისუფლად გამოხატვისთვის, აქციის გასამართად და კარვის გასაშლელად ადგილის შერჩევის შესაძლებლობა მიეცემათ.