"ნამახვანჰესის" მშენებლობის ირგვლივ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, მთავრობის გადაწყვეტილებებს, რიონის ხეობის მცველები აფასებენ. მათი თქმით, განცხადება, რომელიც დღეს ჰესის პროექტთან დაკავშირებით მთავრობამ გამოაქვეყნა, პროტესტის ხელოვნური დეესკალაციაა და მათ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს. ისინი მასშტაბურ აქციას აანონსებენ.
მოძრაობა - "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" დამფუძნებელი ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ თუკი მათი მოთხოვნებიდან ყველა არ დაკმაყოფილდა, ისინი მთავრობასთან დიალოგს ვერ გააგრძელებენ.
"თუკი ჩვენი მოთხოვნებიდან ყველა არ დაკმაყოფილდა, ჩვენ დიალოგს ვერ გავაგრძელებთ. ამის შესახებ მთავრობის წარმომადგენლებს შეხვედრაზე განვუცხადეთ,"- აცხადებს მოძრაობის ”რიონის ხეობის გადარჩენისთვის” დამფუძნებელი ვარლამ გოლეთიანი.
"ნამახვანჰესის" შესახებ პრემიერ მინისტრმა ახალი გადაწყვეტილება გამოაცხადა, - მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა კომპანია "ენკასთან" დადებული ხელშეკრულების შესწავლა იუსტიციის სამინისტროს დაავალა. სამინისტრო იქირავებს საერთაშორისო იურიდიულ კომპანიას, რომელიც შეისწავლის, რამდენად არის კონტრაქტის პირობები საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისი. ასევე, საქართველოს მთავრობის მოწვევით, არასამთავრობო სექტორთან მედიაციის პროცესში ჩაერთვება ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების სრულუფლებიანი წარმომადგენელი.