მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ეპიდვითარება ყოველდღიურად მძიმდება, მოქალაქეები რეგულაციებს ისევ არღვევენ. ღამის საათებში იმართება უკანონო წვეულებები, ყველანაირი წესების უგულებელყოფით. ღამის კლუბებში მოქალაქეები იკრიბებიან, თანაც - ნიღბების და დისტანციის დაცვის გარეშე.
ამასთან, ირკვევა, რომ ღამის კლუბებში ირღვევა არამხოლოდ პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციები - აქ ხშირია ჩხუბი და გარჩევები.
კლუბების გარდა, წვეულებები იმართება ნაქირავებ ფართებში და ერთ-ერთი ასეთი ხმაურიანი წვეულება გაიმართა გუშინ პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე, სადაც საბოლოოდ გაირკვა, რომ 2 სხვდასხვა ფართი იყო გაქირავებული, სადაც წვეულებები არაერთი ახალგაზრდის მონაწილეობით იმართებოდა. შემდეგ კი წვეულება ჩხუბში გადაიზარდა. თავდაპირველად ყურადღება სწორედ ადგილზე გამოწვეულმა ხმაურმა მიიქცია - ჩხუბი ქუჩაში, ფიზიკური დაპირისპირება, შემდეგ პოლიცია გამოიძახეს, რასაც ადგილზე შრომის ინსპექციის გამოჩენა მოჰყვა და გარკვა, რომ სწორედ დახურულ წვეულებებს უკავშირდებოდა აღნიშნული ხმაური და დაპირისპირება.
10-მდე კერძო და 1 იურიდიული პირი არის დაჯარიმებული გასულ ღამეს. სანქცია იურიდიული პირის შემთხვევაში 10 000-ს ლარს, ხოლო კერძო პირების შემთხვევაში 2 000 ლარს ითვალისწინებს.
"კურიერი" იმყოფებოდა კოსტავას ქუჩაზე, სადაც ასევე გუშინ ღამით საკმაოდ ხმაურიანი წვეულება იმართებოდა. ამ შემთხვევაში უკვე საუბარია კლუბზე "GATE 36", სადაც წუხელ შეწყდა ეს წვეულება იმისა გამო, რომ ადგილზე შრომის ინსპექტორები და პოლიციის წარმომადგენლები მივიდნენ. ობიექტი დაჯარიმდა და კლუბი ამ ეტაპზე დაკეტილია. დღის განმავლობაში პროცედურების გათვალისწინებით დაგეგმილია, რომ კლუბის დალუქვა მოხდება.