17 ნოემბერი 2024,   05:39
ვრცლად
ოპოზიციის ნაწილის შეკრება "სტრატეგია აღმაშენებლის" ოფისში - ოპოზიციონერმა ლიდერებმა ამნისტიის კანონპროექტზე იმსჯელეს

ევროკავშირის ოფისში ოპოზიციას ელოდებიან. პარტიების ნაწილი, რომელიც მანამდე "სტრატეგია აღმაშენებლის" ოფისში იყო შეკრებილი, სავარაუდოდ ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს შეხვდება.

მათ დღეს იმსჯელეს შეთანხმებაში ჩადებულ პუნქტებზე, ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო ამნისტიის კანონპროექტი.

პარლამენტის წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანი პრინციპი, რომელიც ამნისტიის კანონპროექტში უნდა ჩაიდოს, ამნისტირებაზე დაზარალებულის თანხმობაა.

"ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპი, რაც უნდა ჩაიდოს ამნისტიის კანონპროექტში - ეს არის პრინციპი დაზარალებულის თანხმობის ამნისტირებაზე. ჩვენ გვაქვს ჩვენი ძალიან პრინციპული პოზიციები და ამ პოზიციების დათმობა და გადახედვა, ცხადია, არ მოხდება," - აცხადებს სალომე სამადაშვილი.

"ლელოს" გენერალური მდივანი ამბობს, რომ ამნისტია არ გავრცელდება ისეთ პირებზე, რომლებიც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებაში არიან ბრალდებულნი.

"არ გავრცელდება ამნისტია ისეთ პირებზე, რომლებიც შეიძლება იყვნენ სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების უკან, მაგალითად ეს არის გომურის შემთხვევა და რიგი ადამიანის შემთხვევები. სამწუხაროა, რომ ავრცელებენ ასეთ დეზინფორმაციას. ასეთი შეთანხმება არ არსებობს," - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

როგორც "გირჩი - მეტი თავისუფლებას" თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, ამნისტია ჯალათებსა და ბრძანების გამცემებს არ შეეხება.

"არავინ არ აპირებს, რომ ჯალათებს შეეხოს ეს ამნისტია, ან ბრძანების გამცემებს და მითუმეტეს, არც პოლიტიკური თანამდებობის პირებს. ეს იყო საერთო ატმოსფერო, რომელიც იყო ამ შეხვედრაზე," - ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.

"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ ემოციების გარეშე უნდა გაკეთდეს ყველაფერი, რათა შეთანხმება შესრულდეს დროულად.

"დაზარალებულის თანხმობა - ეს არის პრაქტიკა, რომელიც არის ყველა ამნისტიის კანონში და ამაზეც ვიმუშავებთ რა თქმა უნდა. მთავარი არის, რომ ზედმეტი ემოციების გარეშე უნდა მივხედოთ, რომ შეთანხმება დროულად შესრულდეს. ის რა პასუხისმგებლობაც გვაქვს ჩვენ ყველას აღებული, აუცილებლად ამაზე ვიმუშავებთ," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები