ერგნეთში მორიგი შეხვედრა 4 საათია მიმდინარეობს - თბილისიდან ჩასული დელეგაცია საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებისას ცხინვალის ე.წ. ციხეში უკანონო პატიმრობაში მყოფი მოქალაქეების გათავისუფლებას მოითხოვს. მათ შორისაა ზაზა გახელაძე, რომელსაც ე.წ. სასამართლომ 12 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.
ქართული მხარე შეხვედრაზე ასევე უკანონო ბორდერიზაციის საკითხსაც დააყენებს.
"ჩვენი გზავნილები და მოლოდინები არის მხოლოდ ერთი, რომ ჩვენ უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა ჩვენი თანამოქალაქე რაც შეიძლება შემჭიდროვებულ ვადებში დაბრუნდეს საკუთარ ოჯახებში.
უკანონო ბორდერიზაციის კონტექსტში შეწყდეს ყველა ის უკანონო აქტივობა, რაც საფრთხეს უქმნის ჩვენი თანამოქალაქეების უსაფრთხოებას. ასევე, რა თქმა უნდა, გვიახლოვდება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. გვაქვს მოლოდინი და გვსურს დავსვათ საკითხი, რომ ამ დღეებშიც მაქსიმალურად იქნეს დაცული ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის უსაფრთხოება," - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში, ერგნეთში დღეს რიგით 99-ე შეხვედრა მიმდინარეობს.