09 ოქტომბერი 2024,   20:29
ვრცლად
პოროშენკო დარწმუნებულია, რომ პარლამენტში თითქმის საკონსტიტუციო უმრავლესობა ეყოლება

უკრაინის პრეზიდენტმა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა, რომ მან ხმა მისცა უკრაინის დემოკრატიულ განვითარებას და პროევროპულ პარლამენტს.

მისი თქმით, ახალი მოწვევის პარლამენტი გაატარებს ისეთ რეფორმებს, რომელიც ხალხის საკეთილდღეოდ იმოქმედებს. ის არ გამორიცხავს, რომ სხვა პოლიტიკურ სუბიექტებთან ერთად კოალიცია შექმნას.

პოროშენკო დარწმუნებულია, რომ პარლამენტში მათ თითქმის საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნებათ.

რეიტინგების მიხედვით ასევე ლიდერობს „სახალხო პარტია“, რომლის ლიდერებიც ტურჩინოვი და იაცენუკი არიან. პარლამენტში მოხვედრის შანსები აქვს „ბადკავშინას“, რომლიც ლიდერიც იულია ტიმოშენკოა და ასევე „რადიკალური პარტიასაც“.

არჩევნებს 2 ათასზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი აკვირდება. ამ პროცესში ქართველი დეპუტატებიც მონაწილეობენ.

უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, გედევან ფოფხაძის თქმით, ის რომ პარლამენტი შეიძლება იყოს მრავალსუბიექტიანი, მაგრამ კონსოლიდირებული არის უკრაინისთვის ეპოქალური მოვლენა. იგი აცხადებს, რომ ეს არ არის მხოლოდ უკრაინის, არამედ საქართველოს წარმატებაცაა.

ქვეყანაში ისტორიული პროცესების მიმდინარეობაზე საუბრობს უმცირესობის წევრი, დავით საყვარელიძეც და აცხადებს, რომ უკრაინელი ერი არის სრულიად კონსოლიდირებული. იგი დარწმუნებულია, რომ პარლამენტში მოხვედრილი ყველა ძალა გაერთიანებული იქნება ერთი - დასავლური და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის იდეით.

არჩევნები უკრაინაში მნიშვნელოვანი ექსცესების გარეშე მიმდინარეობს, თუმცა დაფიქსირდა რამდენიმე კარუსელის ფაქტი.

ხელისუფლება მოუწოდებს მოსახლეობას, რომ მოსალოდნელი ტერაქტების გამო საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყურადღებით იყვნენ.

საარჩევნო უბნები კიევში 8 საათზე დაიხურება. ცენტრალური საარჩევნო კომისია პირველად შედეგებს ერთ კვირაში, საბოლოოს კი ერთ თვეში გამოაცხადებს.   

ამავე თემაზე
დღის ამბები