19 ნოემბერი 2024,   18:31
ვრცლად
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სამართალდამცავების მიერ დაჭრილი საქართველოს მოქალაქეები - რატომ გახდა საჭირო იარაღის გამოყენება

მდინარის და ტყის გავლით პაპუნა ძანძავას, გავრცელებული ინფორმაციით, კონტრაბანდული სიგარეტი ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე გადმოჰქონდა, რა დროსაც ის აფხაზეთის პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს.

დაკავების სპეცოპერაცია დაჭრით დასრულდა. გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებსა და 26 წლის მამაკაცს შორის თავდაპირველად სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყო, რამდენიმე წუთში კი შემთხვევის ადგილას ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლეს და ტყვია დაკავებულს გულმკერდის არეში მოხვდა.

ხმაურზე ადგილზე მივიდა დაკავებულის მამაც, აფხაზეთის პოლიციის თანამშრომლებთან დაპირისპირება მასაც მოუვიდა, რა დროსაც ბადრი ძანძავა ფეხის არეში დაიჭრა. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ძანძავებს სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ და პოლიციამ უფლებამოსილებას გადაამეტა.

მომხდარ ფაქტზე კომენტარი გააკეთეს აფხაზეთის პოლიციაშიც, თქვეს, რომ მამა-შვილმა სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს და დაპირისპირებისას, უწყების ინფორმაციით, ხუთი პოლიციელიც დაშავდა. რატომ გახდა საჭირო იარაღის გამოყენება და იყო თუ არა ეს აუცილებელი მოგერიება, ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.

მიყენებული დაზიანებებით მამა-შვილი ქუთაისის კლინიკაში იმყოფება, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

დაჭრილი მამა-შვილი სამართალდამცველებმა საავადმყოფოში უკვე გამოჰკითხეს. ზუგდიდის რაიონის სოფელ აბასთუმანში მომხდარ ფაქტზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება უკვე დაიწყო.

ბადრი და პაპუნა ძანძავებს, რომლებიც, გავრცელებული ინფორმაციით, კონტრაბანდული სიგარეტით ვაჭრობდნენ, ბრალი არ აქვთ წაყენებული. ჯერჯერობით უცნობია, დაიწყება თუ არა გამოძიება მათ წინააღმდეგ შესაბამისი მუხლით.

დღის ამბები