შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური რესპუბლიკურ საავადმყოფოში Sinopharm-ის ვაქცინით აიცრა.
შს მინისტრთან ერთად ვაქცინაცია ჩაუტარდება მის მოადგილეს, საპატრულო პოლიციის უფროსსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელს. სულ აიცრება 20 ადამიანი.
"ეს ნაბიჯი გადავდგი იქიდან გამომდინარე, რომ ყველას და მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები წავახალისო. მოვუწოდებ მოქალაქეებს, რომ გაიკეთონ ვაქცინა. ეს აუცილებელია. მსოფლიოში ჩვენ რასაც ვხედავთ, სამწუხაროდ, არაფერი არ შეიცვალა. ყველგან სიტუაცია დღითიდღე უარესდება და მათ შორის, ჩვენთანაც. ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება და სხვა გამოსავალი არ არის, ყველა უნდა აიცრას საბოლოოდ," - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
ცნობისთვის, Sinopharm-ის ვაქცინაციის პროცესში დღეიდან დამატებით 44 სამედიცინო დაწესებულება ერთვება. ჩინური წარმოების პრეპარატით აცრა გუშინ დაიწყო. ის 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის არის ხელმისაწვდომი. ვაქცინაციისთვის საჭიროა 2 დოზა და 21 დღის ინტერვალით კეთდება.
დღეიდან იმუნიზაციის პროცესში მთავრობისა და პარლამენტის წევრები ერთვებიან.
Sinopharm-ის 100 000 დოზა ქვეყანამ აპრილის თვეში მიიღო. დღეისათვის 17 000-ზე მეტი მოქალაქეა რეგისტრირებულია. კიდევ ნახევარ მილიონ დოზას ქვეყანა ზაფხულში მიიღებს.